Foto

კობახიძე - მთავრობამ დაამკვიდრა გამჭვირვალობის ევროპული სტანდარტი - ახლა დროა, არასამთავრობო ორგანიზაციებიც გაევროპულდნენ

დარწმუნებული ვარ, ახალი კანონი დონორებს ეფექტურად დააზღვევს მთელი რიგი უხერხულობებისგან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია ნათქვამი.

კობახიძის თქმით, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები სარგებლობენ ყველაზე მცირე ნდობით სახელმწიფო და სოციალურ ინსტიტუტებს შორის საქართველოში.

„პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ჩემი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება სწორედ საქართველოს მთავრობის საქმიანობის სრულ გამჭვირვალობას უკავშირდებოდა. გადავდგით პრინციპული ნაბიჯი და პირველივე დღიდან, საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას მყისიერად ვასაჯაროებთ. გარდა ამისა, ვთხოვე ყველა მინისტრს და სამთავრობო უწყებას, უპასუხოდ არ დატოვონ მოქალაქეების არცერთი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ.

სრულად გამჭვირვალეა ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ და გასაკვირი არაა, რომ საქართველომ „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ მსოფლიოს ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. როდესაც მართალი ხარ და არაფრის გაფუჭება არ გაქვს განზრახული, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის საუკეთესო გზა მანკიერებისა და შეცდომების თავიდან ასარიდებლად. ჩემთვის სწორედ გამჭვირვალობა ნიშნავს ევროპულობას, გაუმჭვირვალობა კი – არაევროპულობას. უკიდურესად არაევროპულია, როდესაც გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს გაურბიხარ და წლიური ფინანსური დეკლარაციის გამოქვეყნებაც კი არ გსურს. ასეთ დროს, აშკარაა, რომ რაღაცას აფუჭებ და ეს რაღაც გაქვს დასამალი.

დარწმუნებული ვარ, ახალი კანონი დონორებს ეფექტურად დააზღვევს მთელი რიგი უხერხულობებისგან, რაც მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების მხრიდან საქართველოში რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებასთან, რევოლუციური პროცესების მხარდაჭერასთან, საარჩევნო ხმების პარალელური დათვლის გაყალბებასთან, ომის პროპაგანდასთან, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებასთან, საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებთან და დეზინფორმაციის ხარჯზე სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების მცდელობასთან არის დაკავშირებული“,- ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

კობახიძე მიიჩნევს, რომ „დროა, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორებიც გაევროპულდნენ, რაშიც მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უსათუოდ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს".

„ზემოაღნიშნული ქმედებების გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ სოციოლოგიური კვლევების თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები სარგებლობენ ყველაზე მცირე ნდობით სახელმწიფო და სოციალურ ინსტიტუტებს შორის საქართველოში. მხედველობაშია მისაღები, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების ზემოაღნიშნული ქმედებები მათი დონორების რეპუტაციაზეც უარყოფითად აისახება. მჯერა, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ამ მანკიერების დაძლევაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

არაევროპული ძალები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის არმიღებას ლობირებდნენ, ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ორუელისეული აბსურდი, რომ ომი არის მშვიდობა, შენება არის ნგრევა, წინსვლა არის უკუსვლა, ხოლო გაუმჭვირვალობა არის ევროპა. როდესაც ქართულ საზოგადოებას ცხოველების ფერმად განიხილავ და მისთვის ამ მასშტაბის სიცრუის მიყიდვას ცდილობ, აღარ უნდა გიკვირდეს, რომ იმ მწირ ნდობასაც კარგავ, რაც მანამდე გქონდა.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის ევროპა ნიშნავს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. საქართველოს მთავრობამ უკვე დაამკვიდრა გამჭვირვალობის ევროპული სტანდარტი. ახლა კი დროა, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორებიც გაევროპულდნენ, რაშიც მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უსათუოდ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს“,- აღნიშნულია კობახიძის განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენს.