Foto

სამადაშვილი - აუცილებლად მიმაჩნია, ოდიშარიამ და მეგრელიშვილმა დღესვე ნარკოლოგიური შემოწმება გაიარონ

მე აუცილებლად მიმაჩნია, ნარკოლოგიური შემოწმება გაიარონ ბექა ოდიშარიამაც და ვახტანგ მეგრელიშვილმაც დღესვე,- ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას შეკითხვით მიმართა "გირჩის" წევრს, სანდრო რაქვიაშვილს, მიიჩნევს თუ არა აუცილებლად ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებას?

"თქვენთან შეკითხვა მაქვს მე, როგორც პარლამენტის წევრთან - მიგაჩნიათ თუ არა, რომ გუშინ ამ დარბაზში გაკეთებული წარმოუდგენელი შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომლებიც მოვისმინეთ თქვენი კოლეგა მეგრელიშვილისგან და ბექა ოდიშარიასგან, იმსახურებს თუ არა იმას, რომ ამ ორმა ადამიანმა დღესვე გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, ქართველ ქალებს პარლამენტში ფხიზელ მდგომარეობაში ებრძვიან თუ არა? მოითხოვთ თუ არა? მე აუცილებლად მიმაჩნია, ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს ოდიშარიამაც და მეგრელიშვილმაც დღესვე და ამ მოთხოვნით მივმართავ ბატონ პაპუაშვილს",- მიმართა სამადაშვილმა რაქვიაშვილს.

ცნობისთვის, გუშინ, 3 აპრილს "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი რეპლიკები გამოიყენა.

იმავე დღეს, "გირჩის" წარმომადგენელმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც კვოტირების საკითხს განიხილავდნენ, სიტყვით გამოსვლისას თქვა: "მაგრად გამისწორდებოდა უმრავლესობა ქალები რომ იყოთ. უფრო სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან, მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ძალით რომ შემეძლოს ქალების მოყვანა, ხომ სხვა სახელს დამარქმევდით? ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ".