Foto

კალაძე - ჩალის ფასი აქვს იმ ადამიანების განცხადებებს, რომლებიც გვიმტკიცებდნენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება „დემოკრატიის შუქურა“ იყო

წლების განმავლობაში ქვეყანაში ევროპული ღირებულებების მთავარი პრინციპები ფეხქვეშ იყო გათელილი - ამ დროს კი, თუნდაც ზოგიერთი ევროპელი პარტნიორი არაარსებულ დემოკრატიაზე საუბრობდა,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, რამდენად საფუძვლიანია შიდა და გარე კრიტიკა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კალაძე პასუხობს, რომ იმ ადამიანების განცხადებებს, რომლებიც კანონს აპროტესტებენ, მისთვის „ჩალის ფასი აქვს". 

„ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულ მომავალზე, გვინდა ევროპასთან მეტად დაახლოება. თუმცა, რა არის ევროპული ღირებულებების მთავარი პრინციპი? ეს არის დაფუძნებული სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე, გამჭვირვალობაზე, განსხვავებული აზრის მიღება-მოსმენაზე, საკუთრების უფლების დაცვაზე და ა.შ. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში ფეხქვეშ იყო გაფენილი. 

აქედან გამომდინარე, ამ ადამიანების შეფასებებს ჩემთვის არაფრის ფასი აქვს. თუნდაც ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადებას ჩალის ფასი აქვს. მათი ნაწილი სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, გამოდიოდა და გვიმტკიცებდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება იყო „დემოკრატიის შუქურა“. ისინი თვალში ნაცარს გვაყრიდნენ, თეთრზე შავს გვეუბნებოდნენ. დღესაც იგივე მოცემულობა გვაქვს და იმავეს გვიმტკიცებენ თავიანთი განცხადებებით თუ მიღებული გადაწყვეტილებით, რასაც აქვეყნებენ. საბოლოო ჯამში, მერე ვიგებდით, თუ როგორ ხდებოდა ამ გადაწყვეტილებების მიღება. სხვათა შორის, იმ კანონით, რომელიც ამერიკაში უკვე წლებია მოქმედებს, გაიგო საზოგადოებამ თურმე როგორ ხდება ამ რეზოლუციების მიღება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

შეგახსენებთ, გუშინ, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში გუშინვე დააინიცირეს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში პირველად 2023 წლის თებერვალში დაინიცირდა. მაშინ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ანტიდასავლური მოძრაობა „ხალხის ძალა" იყო. კანონპროექტის მიხედვით, უნდა შექმნილიყო უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდებოდა ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდებოდა. კანონპროექტის ინიცირებას საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა. დასავლეთი და ამერიკის შეერთებული შტატები თანხმდებოდნენ, რომ ასეთ კანონს შეეძლო, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის პოტენციური საფრთხე შეექმნა. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგი იყო არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. კრიტიკის შემდეგ, „ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, „ამერიკული კანონის ანალოგი" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, „ნაკლებად ლიბერალური" იყო.

კანონპროექტს მხარი 2 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. თავად საკანონმდებლო ორგანომ  კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, 8 მარტს კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა, თუმცა 9 მარტს უკან გამოიწვია, რის შემდეგაც კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო. აღნიშნული გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.