ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი სოციალურ ქსელში წერს.
მილერის განცხადებით, კანონი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს დააზარალებს.
"ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიჰყვეს ევროკავშირის მისწრაფებებს",- წერს მეთიუ მილერი.
შეგახსენებთ, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში იმავე დღეს დააინიცირეს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში პირველად 2023 წლის თებერვალში დაინიცირდა. მაშინ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ანტიდასავლური მოძრაობა „ხალხის ძალა" იყო. კანონპროექტის მიხედვით, უნდა შექმნილიყო უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდებოდა ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდებოდა. კანონპროექტის ინიცირებას საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა. დასავლეთი და ამერიკის შეერთებული შტატები თანხმდებოდნენ, რომ ასეთ კანონს შეეძლო, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის პოტენციური საფრთხე შეექმნა. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგი იყო არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. კრიტიკის შემდეგ, „ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, „ამერიკული კანონის ანალოგი" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, „ნაკლებად ლიბერალური" იყო.
კანონპროექტს მხარი 2 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. თავად საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, 8 მარტს კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა, თუმცა 9 მარტს უკან გამოიწვია, რის შემდეგაც კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო. აღნიშნული გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press