მოვუწოდებთ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, მოხსნას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებიდან, - ამის შესახებ დასავლური ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა ურთიერთობების კომიტეტების ხელმძღვანელების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
თავმჯდომარეების შეფასებით, კანონპროექტის წარდგენა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსს ძირს უთხრის.
„იმის გათვალისწინებით, რომ ამ კანონის ხელახალი წარდგენა ძირს უთხრის საქართველოს დიდი ძალისხმევის შედეგად მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსს, რადგან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის თავისუფლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება დემოკრატიის ბირთვია და გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებისთვის, ამ ნაბიჯს აღვიქვამთ, როგორც მტრულ სვლას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და მათი მომავლის მიმართ და გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას ამის გამო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ იგი განახორციელებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 ნაბიჯს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე და რომ ამ დრომდე საქართველომ ამ რეკომენდაციებიდან მხოლოდ 3 შეასრულა; ასევე შეგახსენებთ, რომ 9 ნაბიჯი მოიცავს რეკომენდაციას საქართველოსთვის, რომ უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირება და პირველი ნაბიჯი მოუწოდებს საქართველოს ებრძოლოს დეზინფორმაციას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ.
მოვუწოდებთ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ მოხსნას ის საპარლამენტო განხილვებიდან, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და ველით, რომ საქართველო დაიცავს თავის ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის კუთხით.
ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გამოავლენს თავის სიმწიფეს და სიმტკიცეს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისთვის. ქართველი ხალხის მომავალი სასწორზე დევს“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში იმავე დღეს დააინიცირეს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press