Foto

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის შსს-ს თანამშრომლებიც არიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის შსს-ს თანამშრომლებიც არიან.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გარდაცვლილთაგან ერთი, დაშავებულთაგან კი 2-ია. 

"მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან 2 გარდაცვლილი და 4 დაშავებული გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვლილთაგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. დაშავებული პირებიდან 2 მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, ხოლო ერთი მაღაზია "ბეთლგრაუნდის" თანამშრომელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს",- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, სასროლეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ბოჭორმის ქუჩის N12-ში, მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყეს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე მუშაობას აგრძელებენ ექსპერტ-კრიმინალისტები, გამნაღმველები და სხვა შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.

ასევე ადგილზე მუშაობენ სხვადასხვა დარგის ექსპერტები - მათ შორის, სახანძრო და ფეთქებადსაშიში საგნების კვლევის სამსახურის ექსპერტები, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ენერგეტიკის მიმართულების ინჟინერ-ექსპერტი.

აფეთქების მიზეზების დასადგენად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

ბოჭორმის ქუჩის N12-ში, მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში მომხდარ აფეთქებაზე შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები",- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში აფეთქება დღეს, 7 აპრილს დილის საათებში მოხდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.