Foto

მსხილაძე - პრეზიდენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს

პრეზიდენტი გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

ბიუროს სხდომაზე მსხილაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი საერთოდ არ უნდა დარეგისტრირებულიყო.

„ყველამ იხილეთ, რა რეაქცია მოჰყვა უმრავლესობის მიერ აღნიშნული კანონის ინიცირებას. ამას გამოეხმაურა როგორც ევროკავშირი, ისე ნატო-ს გენერალური მდივანი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკის შეერთებული შტატები. მათ აღნიშნეს, რომ აღნიშნული კანონის მიღება ხელს შეუშლიდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, ჩვენ ბიუროზე მოვითხოვეთ, რომ აღნიშნული კანონი საერთოდ არ დარეგისტრირებულიყო, არ გატარებულიყო რეგისტრაციაში, რათა არ დაწყებულიყო განხილვა კომიტეტებში და შეწყვეტილიყო ამ კანონზე საუბარი, რისი პირობაც შარშან დაიდო“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.