Foto

ვერ დადგებით ცალ ფეხზე იმიტომ, რომ მუხლებზე დგახართ - მანჯგალაძე „ოცნებას“

ვერ დადგებით ცალ ფეხზე იმიტომ, რომ მუხლებზე დგახართ,- ასე მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც მანჯგალაძემ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლება მტრის ინტერესს ემსახურება.

"იძახიან - ცალ ფეხზე დგომა, ცალ ფეხზე დგომა - ვერ დადგებით ცალ ფეხზე იმიტომ, რომ მუხლებზე დგახართ. საერთოდ ვერ დადგებით ცალ ფეხზე, დგახართ მუხლებზე. არავინ დგას ცალ ფეხზე - ჩვენ საქართველოს ინტერესებს ვიცავთ, რათა პირისპირ არ დარჩეს საქართველო მტრის აგრესიის წინააღმდეგ. თქვენ თუ "გავლენის აგენტს" ეძახით ადამიანს, ვინც კორუფციის წინააღმდეგ იბრძვის; თუ გავლენის აგენტს ეძახით ადამიანს, ვინც უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილებების ასაჩივრებენ, ბუნებრივია, არ მოგეწონებათ და იტყვით, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია უკეთესია - არასდროს არ მოგთხოვს გამჭვირვალობას, უკეთეს სასამართლოს, უფრო მეტ დემოკრატიას... თქვენ ემსახურებით მტრის ინტერესს",- მიმართა მანჯგალაძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს.