Foto

ირაკლი კირცხალია - ჩვენ ვიხილეთ დესტრუქციული ოპოზიცია, რომელიც უტიფრად, უკვე მერამდენედ ატყუებს ქართულ საზოგადოებას

„გუშინ ვიხილეთ დესტრუქციული ოპოზიცია, რომელიც უტიფრად, უკვე მერამდენედ  ატყუებს ქართულ საზოგადოებას. ვიხილეთ ოპოზიცია, დაცლილი ყოველგვარი არგუმენტისგან და ამით სასოწარკვეთილებმა იკადრეს უკადრებელი. იკადრეს იმიტომ, რომ  ისინი არიან კოლექტიური ელისაშვილები.  ადამიანი, რომელმაც თავისი მდაბიო საქციელით ფეხქვეშ გათელა ყოველგვარი ფასეულობა, რომელიც ქართველებს გაგვაჩნია, კაცობა, ღირსება და მორალი“, -  განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.

მან ყურადღება გაამახვილა წინა კვირას მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე და ოპოზიციის მიერ ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით წარმოებულ კამპანიაზე.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დესტრუქციულობა და  უტიფრობა მხოლოდ გუშინდელ დღეზე არ გადის, ვგულისხმობ იმ პოპულისტურ კამპანიას, რასაც ისინი ბოლო თვეებში ეკონომიკური პოლიტიკის ირგვლივ აწარმოებენ. მსურს, წინა კვირას გამოქვეყნებულ მსოფლო ბანკის ანგარიშს გამოვეხმაურო, რომელიც ასე იწყება, რომ სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წლის შემდგომ საქართველოში მკვეთრ კლებას განიცდის. მაგალითად, 2004 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 12,37 %  ფიქსირდებოდა, ხოლო 2004-2012 წლებში 12,78 %. ეს არის მათი „აღმშენებლობის პერიოდი“.  სიღარიბის მაჩვენებელი 2023 წელს 3,5%-მდეა ჩამოსული, რაც ისტორიული მინიმუმია. რაც შეეხება პროგნოზს, 2025 წლისთვის ნავარაუდევია ამ მონაცემის  2,6 %-მდე, 2026 წელს კი 2,2 %-მდე ჩამოსვლა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მანვე „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერი პარტიების წევრებს მიმართა.  

„ახლა რიტორიკული კითხვა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ეს როგორ ხდება? იქნებ ჰკითხოთ როზნერს, მსოფლიო ბანკის საპასუხოდ რა რჩევებს მოგცემთ. როზნერი არ ვიცი რას გეტყვით, მაგრამ კარგად ვიცი ქართული საზოგადოება  რას გეტყვით არჩევნებზე და რას გვეტყვის ჩვენ. ჩვენდამი პასუხი იქნება - წინ ევროპისკენ,  ღირსებით, სამშობლოს სიყვარულით და რაც მთავრია, მშვიდობით! მშვიდობით, რომელიც მდგრადი და განვითარებული ეკონომიკის საწინდარია“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.