Foto

ეკა სეფაშვილი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი დაიწერა საქართველოში და ემსახურება ქართულ სახელმწიფოს

„მეორე დღეა პარლამენტში ინტენსიური დებატები იმართება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა მივიღოთ ეს კანონი. ერთადერთი რაც გვესმის - ეს არის დეზინფორმაცია, ტყუილზე დაფუძნებული მანიპულაცია ან ზღვარსგადასული დემაგოგია. მთელი 2 დღეა ინტენსიურად ისმის „არა რუსულ კანონს“.  დიახ, არა „რუსულ კანონს“! ქართული პარლამენტი რუსულ კანონს არ მიიღებს, ეს კარგად შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ“, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ოპოზიციონერ კოლეგებს  ურჩია რუსული კანონის კითხვის ნაცვლად, ქართული კანონპროექტი წაიკითხონ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური წყაროების დეკლარირებას და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების დაცვას ემსახურება.

„კარგად წაიკითხეთ და გაიაზრეთ რა წერია ჩვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტში. რომ დაგიჭერიათ ხელში 27-გვერდიანი რუსული კანონი -  წაკითხვა მაინც არ გეზარებათ?! თუ მაინცდამაინც გინდათ რომ ვიღაცას შეედაროთ - წაიკითხეთ ევროდირექტივა, განიხილეთ ევროდირექტივა თუ როგორ ასახავს  ჩვენი კანონის სულისკვეთებას,  როგორი ევროპულია ეს კანონი და როგორ ევროპულ ღირებულებებს ქადაგებს.  რას ჩააცივდით ამ რუსულ კანონს? არ წამიკითხავს რუსული კანონი და არც წავიკითხავ, იმიტომ რომ არ მაინტერესებს თქვენგან განსხვავებით, ყველაფერი რუსული რომ მოგწონთ და მთელი თქვენი საქმიანობის მანძილზე რუსულ საქმეს რომ აკეთებთ“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციას ეშინია ხალხმა არ გაიგოს კანონპროექტის შინაარსი, რადგან ის სწორედ ხალხის ინტერესების დაცვას ემსახურება.

„როდესაც ხალხი ამ კანონპროექტის შინაარსს გაიგებს მიხვდება, რომ ეს სწორედაც, ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვას ემსახურება და არავითარ შემთხვევაში თქვენს მოგონილ დემაგოგიას და არარეალურ ილუზიებს. თქვენ სამართლიანად გეშინიათ, რომ ხალხმა ეს კანონი არ წაიკითხოს, იმიტომ, რომ როდესაც ხალხი გაიგებს მის შინაარსს  - მხარდამჭერი აღარ გეყოლებათ. თავისი შინაარსით ეს კანონი არის სავსებით ნეიტრალური. ფინანსური წყაროების დაფინანსებისა და მიზნობრიობის პოზიტიურ და ნეგატიურ შედეგებს შეაფასებს ხალხი, როდესაც წაიკითხავს დეკლარაციაში არსებულ ინფორმაციას და სწორედ ამ ინფორმირებული ხალხის გეშინიათ თქვენ. ეს კანონი არის ქართული, დაიწერა საქართველოში და ემსახურება ქართულ სახელმწიფოს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.