Foto

მილერი - მოვუწოდებთ საქართველოს, არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება მოქალაქეების უმრავლესობის სურვილს

ვუერთდებით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს და მოვუწოდებთ საქართველოს, არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს ევროკავშირში სრული ინტეგრაციის შესახებ, - ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მეთიუ მილერის განცხადებით, როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე.

„ჩვენ ღრმად ვართ იმედგაცრუებული საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, წინ წაწიოს კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობა. როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე. ვუერთდებით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს და მოვუწოდებთ საქართველოს, არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს ევროკავშირში სრული ინტეგრაციის შესახებ.

საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ემსახურება თავის მოქალაქეებს და მუშაობს საქართველოს ეკონომიკის გასაუმჯობესებლად. მიღების შემთხვევაში, ინიცირებულმა კანონმდებლობამ შესაძლოა, შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, მოახდინოს ორგანიზაციების სტიგმატიზაცია, რომლებსაც ეს სარგებელი მოაქვთ საქართველოს მოქალაქეებისთვის და შეაფერხოს დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ, რომ ქართველებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი. კრემლის მიერ შთაგონებული ასეთი კანონმდებლობა შეუსაბამოა, თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვან მშვიდობიანი შეკრების უფლება“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.