თვითლუსტრაციას ხომ არ მოახდენენ? კატეგორიულად არ უნდათ "გამჭვირვალობის კანონპროექტის“ მეორე მოსმენით განხილვაში მონაწილეობის მიღება,- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაზე განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, მეორე მოსმენა გულისხმობს "ყოველ კონკრეტულ მუხლსა და პუნქტთან დაკავშირებით პოზიციების დაფიქსირებას, სადაც ზოგადი შეფასებების ადგილი აღარ რჩება".
"ერთადერთი, რაც მათგან მოვისმინეთ, მეორე მოსმენა, რომელიც უკვე გულისხმობს არა ზოგად საუბარს, არამედ ყოველ კონკრეტულ მუხლთან და პუნქტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, თქვეს, რომ საერთოდ არ გავეკარებით არცერთ მუხლს და არცერთ განხილვასო, იმიტომ, რომ აქ უკვე გამოჩნდება, რომ როდესაც კითხულობ კონკრეტულად მუხლს, იქ ზოგადი შეფასებების ადგილი აღარ რჩება და როდესაც ამბობ, რომ ეს რუსულია და შეადარებ ან რუსულს, ან ამერიკულს, ან ევროპულ დირექტივას, აღმოჩნდება, რომ ეს არის ქართული კანონი, ევროპის საუკეთესო სტანდარტით დაწერილი. გამომდინარე აქედან, თვითლუსტრაციას ხომ არ მოახდენენ? ამიტომ, კატეგორიულად არ უნდათ ამ განხილვებში მონაწილეობის მიღება“,- თქვა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს, 15 აპრილს კი, მას მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა. 17 აპრილს, პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. მას შემდეგ, რაც კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები დაიწყო, 15 აპრილიდან თბილისში, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში პირველად 2023 წლის თებერვალში დაინიცირდა. მაშინ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალა" იყო. კანონპროექტის მიხედვით, უნდა შექმნილიყო უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდებოდა ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდებოდა. კანონპროექტის ინიცირებას საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა. დასავლეთი და ამერიკის შეერთებული შტატები თანხმდებოდნენ, რომ ასეთ კანონს შეეძლო, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის პოტენციური საფრთხე შეექმნა. "უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგი იყო არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგი" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალური" იყო.
კანონპროექტს მხარი 2 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. თავად საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, 8 მარტს კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა, თუმცა 9 მარტს უკან გამოიწვია, რის შემდეგაც კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო. აღნიშნული გადაწყვეტილება "ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, "ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press