Foto

შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის დაფინანსება საქართველოში გაუმჭვირვალეა

ევროკავშირის დაფინანსება საქართველოში გაუმჭვირვალეა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ქართველი ხალხის ინტერესშია.

"როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობის კანონზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე კანონი. ეს შეიძლება არ შედიოდეს სხვების ინტერესებში, განსაკუთრებით მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ და სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც არის საქართველოში გაუმჭვირვალე. ჩვენი ვიცით მაგალითები - მაგალითად, "ევროპის დემოკრატიის ფონდი", რომელიც მალავს თავის დაფინანსებას საქართველოში, რაც არის სწორედაც რომ ღირებულებების საწინააღმდეგო. სამწუხაროდ, მე პირდად, ერთი წლის განმავლობაში, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან კომუნიკაციით ვცდილობდი, რომ დამერწმუნებინა ევროკავშირის წარმომადგენლები თავად, რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევით, ფარულად დაფინანსება რადიკალური ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიებისა საქართველოში, არის არასწორი საქციელი. სამწუხაროდ, ვერ შევძელი და ამიტომაც გვიწევს კანონის მოღება",- თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს, 15 აპრილს კი, მას მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა. 17 აპრილს, პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. მას შემდეგ, რაც კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები დაიწყო, 15 აპრილიდან თბილისში, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში პირველად 2023 წლის თებერვალში დაინიცირდა. მაშინ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალა" იყო. კანონპროექტის მიხედვით, უნდა შექმნილიყო უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდებოდა ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდებოდა. კანონპროექტის ინიცირებას საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა. დასავლეთი და ამერიკის შეერთებული შტატები თანხმდებოდნენ, რომ ასეთ კანონს შეეძლო, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის პოტენციური საფრთხე შეექმნა. "უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგი იყო არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგი" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალური" იყო.

კანონპროექტს მხარი 2 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. თავად საკანონმდებლო ორგანომ  კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, 8 მარტს კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა, თუმცა 9 მარტს უკან გამოიწვია, რის შემდეგაც კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო. აღნიშნული გადაწყვეტილება "ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, "ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.