საქართველოს მოჭრილი აქვს გზა ევროპისკენ თუ ეს კანონი იქნება მიღებული და ვიდრე "ოცნება" იქნება ხელისუფლებაში, - ასე ეხმაურება პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, იქამდე, სანამ "ეს კანონი იქნება მიღებული და ვიდრე ეს კანონი იმოქმედებს, საქართველო ევროკავშირს ვერ დაუახლოვდება ვერც ერთი ნაბიჯით".
"მე მინდა განცხადება გავაკეთო პარტია "ახალის" სახელით იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვნახეთ დღეს ევროკავშირის მხრიდან, ამ დღეების განმავლობაში რას ვადევნებთ თვალყურს და როგორი ასახვა ჰპოვა ამან საბოლოო რეზოლუციის ევროკავშირის. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ რეზოლუცია იქნა მიღებული 425 პარლამენტის წევრის ხმით. ეს არის აბსოლუტური უმრავლესობა ევროპარლამენტის და ევროპარლამენტი არის ევროპული პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი ორგანო ევროკავშირის ტერიტორიაზე. მთავარი, ხაზს ვუსვამ, პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო.
ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, იქნება ეს აღმასრულებელი საბჭოსი თუ ვთქვათ ევროპული საბჭოსი, რომელიც 27-ვე ქვეყნის წარმომადგენლისგან შედგება, ემყარება პირველ რიგში ევროპული პარლამენტის გადაწყვეტილებებს. იმიტომ რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ორგანო განსაზღვრავს ევროპული პოლიტიკის მთავარ მიმართულებებს. მეორე, უპირველესი რაც უნდა გავარკვიოთ და რაც გვითხრეს ამ გადაწყვეტილებით და რეზოლუციით, არის ის, რომ საქართველოს მოჭრილი აქვს გზა ევროპისკენ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი იქნება მიღებული და ვიდრე ეს კანონი იმოქმედებს.
ვიმეორებ კვლავ, თუ ეს კანონი იქნება მიღებული და ვიდრე ეს კანონი იმოქმედებს, საქართველო ევროკავშირს ვერ დაუახლოვდება ვერც ერთი ნაბიჯით. არ გაიხსნება მოლაპარაკებების ეტაპი საერთოდ. არა მხოლოდ პროცესი იქნება წარუმატებელი, არამედ ეს ეტაპი საერთოდ არ გაიხსნება.
უფრო მეტიც, მესამე, რაც ალბათ ყველაზე უფრო მწვავე, რა დასკვნაც უნდა გამოვიტანოთ ამ რეზოლუციაზე, არის ის, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, შესაძლოა, გადაიხედოს უვიზო მიმოსვლის საკითხი. რაც, შესაძლოა, დამთავრდეს იმით, რომ საქართველო შესაძლებლობას დაკარგავს და ყველა ქართველი, თითოეული ქართველი დაკარგავს შესაძლებლობას, უვიზოდ გაემგზავროს ევროკავშირის ქვეყნებში, შენგენის ქვეყნებში და ასევე, კიდევ უფრო უარესი, ყველა ქართველი, ვინც იმყოფება ამჟამად ევროკავშირის ტერიტორიაზე, იქნება დეპორტირებული ევროკავშირის ტერიტორიიდან როგორც კი სავიზო რეჟიმი შეიცვლება. ეს არის სრული კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის მისი იზოლაცია. ერთადერთი მიმართულება სადაც ჩვენ შეუფერხებლად შევძლებთ ვიმოგზაუროთ, არის რუსეთი. მაგრამ ეს მიმართულება ამ ქვეყანაში არ სჭირდება არცერთ საქართველოს მოქალაქეს "ქართული ოცნების" და მისი მომხრეების გარდა. იმ მომხრეების, რომლებიც მხარს უჭერენ "ქართულ ოცნებას" და მის რუსულ მიმართულებას და არა იმ მომხრეების, რომლებიც უბრალოდ ხმას აძლევენ მას იმიტომ რომ ჯერ კიდევ გონიათ, რომ ეს პროევროპული მიმართულების პარტიაა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.
აღნიშნული დოკუმენტით, ევროდეპუტატები ევროკომისიისგან "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ, ასევე დაყენებულია პატიმრობიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი. ამასთან, დეპუტატები ევროკომისიისგან მოითხოვს გადაიხედოს ქვეყანასთან ვიზალიბერალიზაციის პირობები.
გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული რუსული კანონის დამტკიცების შემთხვევაში ქვეყანა ვერ გადავა მოლაპარაკებების ეტაპზე.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press