Foto

ვედანტ პატელი - კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია - ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა

ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია, ვფიქრობთ, რომ ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. 

ჟურნალისტის კითხვას - "დღეს ევროპარლამენტმა ხმა მისცა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შეჩერებას, ვიდრე კანონპროექტი არსებობს და ასევე მოუწოდა ევროკავშირს და ყველა დასავლელ პარტნიორს, განიხილონ სანქციების დაწესება. არის თუ არა ეს ინფორმაცია სერიოზული მსჯელობის საგანი კონგრესში, როგორ უნდა მოახდინოთ რეაგირება საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე. შეგიძლიათ დაადასტუროთ ეს ან გვითხრათ, ნამდვილად სერიოზული დისკუსიები გაქვთ კონგრესთან ამ საკითზე? - პატელმა ასე უპასუხა:

"არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას რამე კონსულტაციებზე კონგრესში, თუმცა გეტყვით, რომ ამ კანონპროექტზე უკვე რამდენიმე კვირაა, ვსაუბრობთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია. ჩვენ ვხედავთ მსგავს კანონპროექტს კრემლში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, სადაც ავიწროებენ მედიაორგანიზაციებს, ავიწროებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ვფიქრობთ, რომ ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა, რაც არის ის, რაც საქართველომ თავად განაცხადა, რომ ასეთი მომავლით დაინტერესებულია",- თქვა პატელმა, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.