ამ რეზოლუციას აქვს ჩალის ფასი, უფრო მეტიც - ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს,- ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას.
როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგელებს უთხრა, "ჩალის ფასი აქვს რეზოლუციას ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც მთავარია სიმართლე".
"რაც შეეხება რეზოლუციას, ეს პროცესი არის იმ ყველაფრის გამეორება, რაც ხდებოდა 2022 წელს. მაშინ იცოდნენ კონკრეტულმა ძალებმა, მათ შორის, ამ ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა, რომ 2022 წლის ივნისში ქვეყანა ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ისინი ქმნიდნენ ნეგატიურ ფონს საზოგადოებაში, აშინებდნენ, აშანტაჟებდნენ ქართულ საზოგადოებას. მაშინ მიიღეს სამი სხვადასხვა რეზოლუცია, საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც საუბარი იყო მათ შორის, დამნაშავეების გათავისუფლებაზე, დამნაშავეებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე და საუბარი იყო იქაც ბიძინა ივანიშვილის დასჯაზე. ეს იყო ერთგვარი მოსამზადებელი ფონი იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიღების შემდეგ, საქართველოში მომხდარიყო რევოლუცია. თუმცა, თქვენ გახსოვთ, რომ ფარატინა ქაღალდებად დარჩა ეს რეზოლუციები. ხალხზე მუქარამ არ გაჭრა მაშინ, ქვეყანამ, საბოლოო ჯამში, მართალია არა იმ წლის ივნისში, მაგრამ მომდევნო წელს მიეღო კანდიდატის სტატუსი. ყველაფერი არის მარტივი დეჟა ვიუ, ამ ყველაფრის გამეორება. აქაც, როგორც ჩანს, ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება მაგალითად კომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ჩაუფინონ ნეგატიური ფონი დააშინონ ქართული საზოგადოება. როგორც მაშინ ჰქონდა ამ რეზოლუციას ჩალის ფასი, ახლაც აქვს ჩალის ფასი. უფრო მეტიც - ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს ამ რეზოლუციას, ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც მთავარია სიმართლე.
მთავარი მიზანია ისევ და ისევ იმ პროცესების ხელშეწყობა, რომელიც ჩაუვარდათ 2022 წელს. ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს, უფრო სწორად მათ უფროსებს ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი - რომ რამენაირად ხელოვნურად გამოიწვიონ მღელვარება ქართულ საზოგადოებაში იმისთვის, რომ მოახერხონ ხელოვნურად ხელისუფლების შეცვლა. ამ ქვეყანაში არსებობს ხელისუფლება, რომელსაც აქვს სახალხო ლეგიტიმაცია. გარდა იმისა, რომ ჩვენ მივიღეთ თავის დროზე არჩევნებში სახალხო ლეგიტიმაცია, დღეს 60%-ს აჭარბებს საზოგადოებაში ჩვენი ნდობა. შესაბამისად, ამას უნდა შეეგუოს ყველა. მათ შორის, ეს ოდიოზური ევროპარლამენტარები უნდა შეეგუონ ამას და როგორც 2022 წელს ვერ მოახერხეს ტყუილებით, მანიპულაციით საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევა, ასევე ვერ მოახერხებენ ამას ვერც ამ შემთხვევაში. როდესაც ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ ჩვენ, რომ არ ვიზრუნოთ ღირებულებების დაცვაზე, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვაზე, არ მივიღოთ კანონი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, როდესაც მოგვიწოდებენ, რომ არ მივიღოთ კანონი "ენჯეოების" გამჭვირვალობის შესახებ, როდესაც ეს ყველაფერი ხდება, ამასთან ერთად, დამნაშავეებს გვიცხადებენ ისეთ ადამიანებად, რომლებზეც პირიქით, იქით უნდა ვიზრუნოთ და ჰუმანიტარული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, როდესაც გვეუბნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ქველმოქმედების მიღმა პოლიტიკური ნაბიჯები აქვს ისეთი გადადგმული, რომელმაც თვისებრივი გარდატეხა მოიტანა ამ ქვეყანას, ეს კაცი უნდა დაისაჯოს, ასეთ დროს ქართულ საზოგადოებას ისინი შეცდომაში ვერ შეიყვანენ. როგორც ვერ დააშანტაჟეს ამ ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა ქართველი ხალხი 2022 წელს, ვერ გაჭრის ეს შანტაჟი ვერც წელს.
რაც შეეხება ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც მოხვდა ამ რეზოლუციაში, ზუსტად ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორიც აქვს ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არდაშვებასა და სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე. არავითარი ფასი ამ ყველაფერს არ აქვს.
ვიზალიბერალიზაცია არის ხელისუფლების და ქართველი ხალხის მონაპოვარი და არა თუ ასეთი შანტაჟის ენით უნდა ესაუბრებოდეს ვინმე ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, არამედ პირიქით, უნდა ზრუნავდნენ მაგალითად აშშ-ში უვიზო მიმოსვლის შემოღებაზე. ეს არის ჩვენი პარტნიორების პასუხისმგებლობა და არა ის, რომ ვიღაცამ ესაუბროს ქართველ ხალხს შანტაჟის ენით. ქართველი ხალხის მიმართ შანტაჟის ენა რომ არ ჭრის, ეს გამოჩნდა 2022 წელს ძალიან კარგად და ეს ახლაც ძალიან კარგად ჩანს.
მეგობრის თხოვნა, რომელიც ეხება გაუმჭვირვალობას, ანუ მთავარი ევროპული ღირებულების არ უზრუნველყოფას ჩვენს ქვეყანაში, თხოვნას, რომელიც უკავშირდება ლგბტ პროპაგანდისთვის მწვანე შუქის ანთებას, სააკაშვილის გათავისუფლებას, თხოვნას, რომელიც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის დასჯას, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არ აქვს. ეს არ არის მეგობრების თხოვნა, ეს არის ოდიოზური ევროპარლამენტარების და მათ მიერ მიმხრობილი დეპუტატების თხოვნები, რომლებსაც ჩვენ მხედველობაში ვერ მივიღებთ, ვინაიდან ისინი ეფუძნება სრულიად არა ევროპულ ღირებულებებს. აქედან გამომდინარე, ამ ე.წ. თხოვნებს და სინამდვილეში შანტაჟის მცდელობას არც ჩვენთვის აქვს რაიმე ფასი და არც ქართული საზოგადოებისთვის",- განაცხადა პრემიერმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press