Foto

ანა წითლიძე - განხილვა არ აინტერესებთ - ყველა დეპუტატი, ვინც კითხვა დასვა, დარბაზიდან გამოაძევეს

"რუსულ ოცნებას" არანაირი განხილვა არ აინტერესებს. ყველა დეპუტატი, ვინც კითხვა დასვა და შევიდა მუხლობრივ განხილვაში, გამოაძევეს დარბაზიდან, რადგან არ აქვთ პასუხები,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან დეპუტატების გამოძევებასთან დაკავშირებით განაცხადა.

წითლიძის თქმით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს "აქვთ დავალება რუსეთისგან და აპირებენ ამ დავალების ბოლომდე შესრულებას".

"არანაირი განხილვა არ აინტერესებს "რუსულ ოცნებას“, არანაირი მიზანი "რუსულ ოცნებას“ არ აქვს იმისი, რომ აქ მუხლობრივი კითხვები დაისვას. ნახეთ თქვენ მანამდე დეპუტატები, რომლებიც გამოაგდეს და ახლა გამომაგდეს მეც, ოღონდ არ ვიცი, რის გამო, უბრალოდ ვუპასუხე მამუკა მდინარეს კონკრეტულ კითხვაზე. არ არის ამათი მიზანი, რომ მუხლობრივ განხილვაში შევიდნენ, რადგან მათ აქვთ კითხვებზე პასუხი, დემაგოგობენ მხოლოდ და ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ კითხვა დასვას შინაარსობრივი, ყველა გამოაძევეს. საბოლოოდ, ალბათ, დარჩებიან მარტო. ასრულებენ რუსულ დავალებას და იციან, რომ რუსეთის ეს დავალება უნდა შეასრულონ და ბოლომდე გაიტანონ ეს კანონი",- ამბობს წითლიძე.

შეგახსენებთ, დღეს, 29 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მე-2 მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერი დეპუტატები - გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი, თამარ ჩარკვიანი, ქეთევან თურაზაშვილი და ანა წითლიძე გააძევა.