Foto

ენმ-ის წევრი დიმა ჩიქოვანი აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დიმა ჩიქოვანმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ მას საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, თავდასხმის მომენტში ის საკუთარ ბინასთან მარტო იმყოფებოდა.

"მარტო ვიყავი სახლის კარებთან და მინდა, რომ ჩემს მეგობრებს ვუთხრა, იმ ხალხს, რომელიც უკვე სამი კვირაა რუსულ კანონს აპროტესტებს ქუჩაში, რომ ეს რეჟიმი არის დასრულებული, ვერ შეგვაშინებენ, ვერ დაგვაჩოქებენ, ეს არაფერი არ არის, ეს არის მათი აღსასრული.

ეზოში მოხდა, ორი ადამიანი იყო ქუდებით ჩასაფრებული სადარბაზოს კარებთან და ყველაფერი მოხდა ძალიან უცებ. ქართული ოცნების მშიშარა ტიტუშკები ზუსტად 3 წუთში გაიქცნენ, როგორც გაიქცევიან ქვეყნიდან, ბოლოს ასე დამთავრდება. ეს არის რუსული რეჟიმი, ეს არის რუსული კანონი, ეს უკვე მოქმედებაშია და ვერაფერი შეაჩერებს ქართველ ხალხს", - განაცხადა ჩიქოვანმა "ფორმულას" ეთერში. ​