Foto

კახა კალაძე - ყოველგვარი ძალადობა - როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური კატეგორიულად მიუღებელია

რა თქმა უნდა, ყოველთვის მიუღებელია ყველანაირი ძალადობა - როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს მოქალაქეებზე თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. 

კალაძის თქმით, პოლიტიკოსები „ამ ყველაფერს" უნდა გაემიჯნონ.

„რა თქმა უნდა, ყოველთვის მიუღებელია ყველანაირი ძალადობა - როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. როგორ შეიძლება, ადამიანმა მოიწონოს ძალადობა, ბულინგი, მაგრამ ნახეთ აქ რა მდგომარეობაა: როდესაც მაგალითად, „იმედის“, „პოსტივის“ ჟურნალისტს პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებენ აქციაზე, არის პირდაპირი მოწოდებები, რომ დააბულინგონ (რაც კატეგორიულად მიუღებელია), როდესაც მამუკა მდინარაძეს ლაჩრულად მიეპარა ალეკო ელისაშვილი, ნახეთ, რა განცხადებები კეთდებოდა. ეს ძალიან სახიფათოა, ძალიან ცუდია, არ შეიძლება. როდესაც სალომე ზურაბიშვილი იწყალებს ადამიანს, რომელმაც სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა და ოპოზიციას სურვილი ჰქონდა, რომ იგი გმირად გამოეყვანა - ეს არის ის კონკრეტული ფაქტები, რომელიც ძალიან მძიმე და შემაშფოთებელია. 

ჩვენ პოლიტიკოსები, არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება თუ ოპოზიციის, უნდა გავემიჯნოთ ამ ყველაფერს და პირდაპირ დავგმოთ. მესმის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს საერთოდ არ ადარდებთ ეს ყველაფერი და არ აინტერესებთ. როგორ შეიძლება, მოგწონდეს ან ფიზიკური ძალადობა, ან ფსიქოლოგიური, რასაც ვხედავთ ბოლო დღეებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.