Foto

ღარიბაშვილი - თუ უცხო სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება ორგანიზაცია, უნდა დაიხუროს, პირი დაისაჯოს

თუ უცხო სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება ესა თუ ის პირი თუ ორგანიზაცია, ასეთი ორგანიზაცია უნდა დაიხუროს პირდაპირ, ყოველგვარი ცერემონიების გარეშე და ასეთი პირი უნდა იყოს დასჯილი,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, არ მიესალმება "უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარების ლეგალიზებას", რადგან "აგენტი აგენტია".

"რაც შეეხება ამ კანონს, საერთოდ მე ამ კანონის მიმართ... საერთოდ, ეს ჩემი პირადი აზრია, ეს არ არის ჩვენი პარტიის აზრი, მაგრამ როდესაც ხდება ლეგალიზება უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარებისა, მე ამას, როგორც მოქალაქე, არ მივესალმები. ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება ეს არის ღალატი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა. ერთ რამეს გეტყვით - მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნები, იქნები რუსეთის თუ ამერიკის, თუ აფრიკის თუ აზიის, მნიშვნელობა არ აქვს, აგენტი არის აგენტი, აგენტის ქმედება არის დასჯადი, ეს არის ღალატი...

კანონზე დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, რომ კანონი ცვლის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კურსს - როგორ შეიძლება, კანონმა შეგვიცვალოს კურსი, მეგობრებო?! წესით, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, თუ უცხო სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება ესა თუ ის პირი თუ ორგანიზაცია, ასეთი ორგანიზაცია უნდა დაიხუროს პირდაპირ, ყოველგვარი ცერემონიების გარეშე და ასეთი პირი უნდა იყოს დასჯილი. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ჩემი გადმოსახედიდან",- ამბობს ღარიბაშვილი.