სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, უმოკლეს ვადებში მოახდინოს ყველა სავარაუდო დამნაშავის პასუხისმგებლობის გამოკვეთა და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება, როგორც კანონდამრღვევი პოლიციელების, ისე მოძალადე ფიზიკური პირებისა თუ ჯგუფების და მათი ორგანიზატორების ან/და წამქეზებლების იდენტიფიცირების მიზნით, - ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი.
სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყებებმა ყურადღების მიღმა არ დატოვონ ხსენებული არასათანადო ქმედებების მოტივი, რომელიც უკავშირდება მათი განსხვავებული შეხედულებების, პროფესიული საქმიანობისა თუ პოლიტიკური პოზიციების გამო დევნას.
„სახალხო დამცველი საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს აქციებზე დაკავებული პირების მონახულების შედეგების შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, მათ მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის მონაცემების შესახებ. ამჯერად, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ დამატებითი ინფორმაცია ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების, პარტიების წევრების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, მედია საშუალებებისა და აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების ფაქტებზე გატარებული ღონისძიებების შესახებ, რაზეც მედიით საჯაროდ გახდა ცნობილი.
სახალხო დამცველის აპარატმა არაერთ მსგავს ფაქტზე მოახდინა რეაგირება და მიმართა შესაბამის საგამოძიებო უწყებებს – სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს. კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატმა საგამოძიებო უწყებებს, დროული და ეფექტიანი რეაგირების განხორციელების მიზნით, მიმართა ლევან ხაბეიშვილის, სოფო ჯაფარიძის, ალეკო ელისაშვილის, გია ჯაფარიძის, გიორგი მუმლაძის, ბორის ჩელე ყურუას, ნოდარ ჩაჩანიძის, დიმიტრი ჩიქოვანის, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძის, დიჯეი გიორგი შენგელიას, სამოქალაქო აქტივისტის ანა სუბელიანის მამის, აშშ-სა და საქართველოს მოქალაქე თეოდორ ჯონასის, პედაგოგ ლადო აფხაზავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე; ასევე, ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელავასა და ამავე მედიის ჟურნალისტების, ონლაინ გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტ გიორგი ბადრიძის, გამოცემა „აპრილის“ ჟურნალისტ გიორგი ბასხაჯაულის, ტელეკომპანია „ტვ პირველთან“ შესაძლო ჩასაფრებისა და ამავე ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფის საქმიანობის ხელშეშლაზე, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) აღმასრულებელ დირექტორ გიორგი კლდიაშვილსა და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტებზე; ასევე, 13 მაისსა და წინა დღეებში მომხდარ/საჯაროდ გავრცელებულ არაერთ ვიდეომასალაში აღბეჭდილ ძალადობრივ ქმედებებზე, მათ შორის, ლეონიძის ქუჩაზე მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის, გმირთა მოედანზე ახალგაზრდების ჯგუფზე მომხდარი თავდასხმის შემთხვევებზე.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტებში იკვეთება პოლიტიკური, საქმიანობისა და მოსაზრების ნიშნით ადამიანთა დევნის ნიშნები, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ ადამიანთა ინდივიდუალურ უფლებებს, ისე დემოკრატიული საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითად პრინციპებს.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, უმოკლეს ვადებში, მოახდინოს ყველა სავარაუდო დამნაშავის პასუხისმგებლობის გამოკვეთა და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება, როგორც კანონდამრღვევი პოლიციელების, ისე მოძალადე ფიზიკური პირებისა თუ ჯგუფების, და მათი ორგანიზატორების ან/და წამქეზებლების იდენტიფიცირების მიზნით. აქვე, სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყებებმა ყურადღების მიღმა არ დატოვონ ხსენებული არასათანადო ქმედებების მოტივი, რომელიც უკავშირდება მათი განსხვავებული შეხედულებების, პროფესიული საქმიანობისა თუ პოლიტიკური პოზიციების გამო დევნას“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press