Foto

კონსერვატორიის სტუდენტები - ვეთიშებით სასწავლო პროცესს და გაფიცვას ვუერთდებით

კონსერვატორიის სტუდენტები ვეთიშებით სასწავლო პროცესს და ვუერთდებით გაფიცვას, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტების, პროფესორებისა და თანამშრომლების განცხადებაშია ნათქვამი.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სტუდენტები წინააღმდეგობას უცხადებენ პარლამენტის უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და მხარს უჭერენ იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.

"ჩვენ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები, პროფესორები და თანამშრომლები, კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს მთავრობის მიერ არჩეულ ანტიკონსტიტუციურ, ანტიდასავლურ გზას.

წინააღმდეგობას ვუცხადებთ პარლამენტის უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და მხარს ვუჭერთ იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ.

არასდროს შევეგუებით მჩაგვრელ, ღირსებისშემლახველ სისტემას, რომელსაც დღეს საქართველოს მთავრობა და ძალოვანი სტრუქტურები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებენ. 

ამის გათვალისწინებით, კონსერვატორიის სტუდენტები ვეთიშებით სასწავლო პროცესს და ვუერთდებით გაფიცვას. მოგმართავთ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს: შემოგვიერთდით ამ ბრძოლაში", - ნათქვამია განცხადებაში.