გერმანიის 30-წლიან დახმარებას საქართველოს მიმართ, ერთი ხელის მოსმით წყალში ყრიან ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები, როდესაც ჩამოდიან, თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას და ვერც კი აცნობიერებენ, რას აკეთებენ,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის განცხადებას.
პაპუაშვილი მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების - მათ შორის, მიხაილ როთისა და ჟიგიმანტას პავილიონისის მისვლასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ "ეს ყველაზე კარგი ლუსტრაცია იყო უცხოური გავლენების".
"რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტს, გუშინ სამწუხარო ფაქტი ვიხილეთ, როდესაც უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრები და კომიტეტის თავმჯდომარეები ანტისამთავრობო მიტინგზე გამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღეს. საერთო ჯამში, გუშინ პრემიერ-მინისტრმაც თქვა, ეს ყველაზე კარგი ლუსტრაცია იყო უცხოური გავლენების. ჩვენ, ფაქტობრივად, გუშინ ვიზილეთ უცხოელი აქტორები მათ მიერ დაფინანსებული "ენჯეოებისგან" ორგანიზებულ ანტისამთავრობო მიტინგზე სიტყვით გამოდიოდნენ. ამაზე მეტი გამჭვირვალობა უცხოური გავლენის მოქმედების სქემისა, როგორ მოქმედებს უცხოური გავლენა, რომ უცხოელი გამოდის ანტისამთავრობო მიტინგზე, რომელიც მის მიერ დაფინანსებული "ენჯეოსგან" არის ორგანიზებული. მთელი წრეა შეკრული უცხოური გავლენის ცუდი მხარისა. წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ბერლინში ჩავიდეს და საქართველოს ხელისუფლება გერმანიაში აფინანსებდეს 'ენჯეოს“, მათ დემონსტრაცია მოაწყონ და სამხარაძე ბერლინში ჩავიდეს, დადგეს მათ გვერდით და სამთავრობო პარტიას კოშმარი უძახოს და ა.შ. რაც გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა, ან რაც ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა, რომელმაც სახელმწიფოს ლამის კოშმარები ეძახა. წარმოგიდგენიათ, რა პასუხი ექნებოდა ნიკოლოზ სამხარაძეს, ის ვილნიუსში ან ბერლინში მიტინგზე რომ გამოვიდეს და იმ „ენჯეოს“ ბედი რა იქნებოდა, რომელიც ასეთ მიტინგს მოაწყობდა და უცხოელ პოლიტიკოსებს ჩაიყვანდა (თავის დამფინანსებლებს) და მთავრობაზე ლამის თავდასხმის გამოსვლისთვის გამოიყენებდა ამას პოლიტიკოსი? ხომ აბსურდია? ეს რომ ჰკითხოთ ჩვენ ევროპელ კოლეგებს, ხომ აბსურდია ეს სქემა და ამ აბსურდს ევროპელები საქართველოში სჩადიან, გუშინ რაც ვიხილეთ, რაც არის აბსოლუტურად აღმაშფოთებელი.
განცხადება, რომელიც მაიკლ როთისგან მოვისმინეთ, არის თავდასხმა ქართულ ეკლესიაზე. ეს არის ყველაზე სამწუხარო. იცით ჩემი განსაკუთრებული კავშირი გერმანულ დახმარებასთან საქართველოში. 30-წლიანი დახმარებას გერმანიისა საქართველოს მიმართ, ასე ერთი ხელის მოსმით წყალში ყრიან ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები საქართველოში, როდესაც ჩამოდიან თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას და ვერც კი აცნობიერებენ, რას აკეთებენ ამით, ასევე, რას უკეთებენ თავის ქვეყანას, გერმანიას და მის სახელს საქართველოში, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი ასოცირდება ქართულ ეკლესიაზე თავდასხმაზე და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმაზე. აი, ზუსტად ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები, რომლებსაც "სელფის" გადაღების გამო შეუძლიათ გაწირონ საზოგადოება დაპისპირებისა და არეულობისთვის, აი, ასეთი პოლიტიკოსები არიან ისინი, რომლებიც ჩვენ არ გვინდა, რომ გავაიგივოთ ევროპასთან. ამიტომ, საერთო ჯამში მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი შეფასებები მოჰყვეს, მათ შორის მათი პარტიების მხრიდან“,- თქვა პაპუაშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press