Foto

ლევან ხაბეიშვილი - დღეს დუმილი დანაშაულია - ივანიშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს უფსკრულში გადაჩეხვას

ივანიშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს უფსკრულში გადაჩეხვას და თან აყოლებს ჩვენი შვილების მომავალს - საქართველო განსაცდელშია და დღეს დუმილი დანაშაულია,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ხაბეიშვილის განცხადებით, "ახლა "თანამდებობაზე" ყოფნა ნიშნავს, რომ ემსახურები პირადად ივანიშვილს და მისი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის თანამონაწილე ხარ".

"მას შემდეგ, რაც საქართველო ექცევა იზოლაციაში, ამერიკა აწესებს სანქციებს, ევროპა ღიად ამბობს, რომ საქართველო ასე ვერ მოხვდება ევროკავშირში, როცა ივანიშვილის ხელისუფლება ლეწვა-მტვრევითა და დაკავებებით ინარჩუნებს ხელისუფლებას.  

ყველა თანამდებობის პირს, საჯარო სამსახურში მომუშავე ადამიანს, უნდა ესმოდეს, რომ ის აღარ ემსახურება საქართველოს და ხალხს. ახლა "თანამდებობაზე" ყოფნა ნიშნავს, რომ ემსახურები პირადად ივანიშვილს და მისი  ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის თანამონაწილე ხარ. 

საქართველო განსაცდელშია და დღეს დუმილი დანაშაულია. ივანიშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს უფსკრულში გადაჩეხვას და თან აყოლებს ჩვენი შვილების მომავალს. ვინც ხმას არ იღებთ და აგრძელებთ ივანიშვილის მსახურებას და არა ხალხისას, უნდა გესმოდეთ, რომ აბსოლუტურად იდენტურია თქვენი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ისტორიის წინაშე. 

მაქვს იმედი ღირსეული მოქალაქეების, ადამიანების, ვინც უბრალოდ უარს იტყვით ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაზე. 

მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის. ბოროტებაზე გამარჯვება ასე ახლოს არასდროს ყოფილა - ძალა ერთობაშია",- წერს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა შემოაქვს. როგორც სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის 23 მაისით დათარიღებულ განცხადებაშია აღნიშნული, სავიზო შეზღუდვა გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილეები საქართველოში დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ოფიციალური განცხადების თანახმად, შეზღუდვა შეეხებათ იმ პირებსაც, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე, ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით. 

ენტონი ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე მიუთითა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ განხილვასაც იწყებს.