Foto

სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს მოუწოდა არ დაძლიოს ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა დაადო კანონს. 

როგორც იოსელიანნმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "უკან დახევა არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი შეიძლება იყოს".

"კანონის ამ ფორმით მიღებამ უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა მთლიანად ამ პროცესს, ამიტომ, დღეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ პარლამენტმა ხვალინდელ სესიაზე უარი თქვას ვეტოს დაძლევაზე, რითაც გაჩნდება სივრცე, სხვა საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე სამსჯელოდ. 

უკვე თითქმის 2 თვეა, დაძაბულობაა ქვეყანაში. ამ კანონს ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ყოველთვის ხელისუფლებას ეკისრება. ხშირად, უკან დახევა არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი შეიძლება იყოს. მოგიწოდებთ, ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა დაადო ამ კანონს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

შეგახსენებთ, დღეს, 27 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "უცხოური გავლენის გამჭვირალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს.