Foto

გიორგი ვაშაძე - როგორც არ უნდა დასრულდეს დღევანდელი კენჭისყრა, პირველი ეტაპი ქართველმა ხალხმა მოიგო

ქართველი ხალხის ესმის აშშ-ის პრეზიდენტს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ესმის გერმანიის კანცლერს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ევროკავშირის ლიდერებს, მთელ მსოფლიოს, მაგრამ თქვენ ამ ადამიანების არ გესმით. ამიტომ არის, რომ პროტესტი გრძელდება,-  ასე მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე.

როგორც ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით "როგორც არ უნდა დასრულდეს კენჭისყრა, პირველი ეტაპი ქართველმა ხალხმა მოიგო".

"პირველი ეტაპი ქართველმა ხალხმა მოიგო, როგორც არ უნდა დასრულდეს დღევანდელი კენჭისყრა, მაგრამ მთავარი გამარჯვება, მთავარი ეროვნულ-განმათავისუფლებელი დღე იქნება 26 ოქტომბერს, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ, "რუსულ კანონთან" ერთად, მთელს თქვენ პოლიტიკურ ძალას ბნელ ისტორიას ჩააბარებს ქართველი ხალხი.

არ გეგონოთ, რომ ეს პროტესტი განელდება. არსად წავა ეს ერთიანი სულისკვეთება, რაც დღეს საქართველოშია. ჩვენ წავალთ წინ, ამაყად ევროკავშირისკენ, განვითარებისკენ. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის 26 ოქტომბერს ძალიან დიდ გამარჯვებას იზეიმებს.  

დიახ, ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში. მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ რაც უნდა სხვა გზას დაადგეს საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხის ნება არცერთ შემთხვევაში არ შეიცვლება. 2 თვის მანძილზე უპრეცედენტოდ განგრძობადი, უპრეცედენტო რაოდენობის პროტესტმა კიდევ ერთხელ მთელი მსოფლიოს აღიარება მოიპოვა. 

ბატონო შალვა, ჩვენ მსოფლიო ლიდერებს კი არ ვუსმენთ, ჩვენ ქართველ ხალხს ვუსმენთ და ის მსოფლიო ლიდერებიც იმ ასობით ათას ქართველ ხალხს უსმენენ, რომელიც ქუჩაში დგას და ერთ რამეს გეუბნებათ: "არა რუსულ კანონს, კი ევროკავშირს". 

ამ ადამიანების ესმის აშშ-ის პრეზიდენტს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ესმის გერმანიის კანცლერს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ევროკავშირის ლიდერებს, მთელ მსოფლიოს, მაგრამ თქვენ ამ ადამიანების არ გესმით. ამიტომ არის, რომ პროტესტი გრძელდება. 

დღევანდელი დღე ნამდვილად გადამწყვეტი დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. დღევანდელ დღეს კიდევ ბევრჯერ გაიხსენებს ქართველი ხალხი, ვინ რა ნაბიჯი გადადგა, ვინ რა პოზიცია დაიჭირა",- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 28 მაისს პარლამენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს.