Foto

პრემიერი - გერმანია საქართველოსნაირ ქვეყანაში ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს

გერმანიის ელჩი „ლელოსთან" ერთად რეგიონში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე. ბოლნისში იყო ჩასული „ლელოს" ლიდერებთან ერთად - ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე, ამ კაცის განცხადებას დიდ მნიშვნელობას ვერ მიანიჭებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, „ეს არის სამწუხარო მოვლენა".

„გერმანიის ელჩი „ლელოსთან" ერთად რეგიონში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე. ბოლნისში იყო ჩასული „ლელოს" ლიდერებთან ერთად. ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე, ამ კაცის განცხადებას დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის ვერ იქნება ღირებული. ეს არის ანტიქართული განცხადება და მე იმედი მაქვს, რომ ეს არის „ლელოს" მხარდამჭერი ელჩის პირადი პოზიცია", - თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პირობებში, "ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის მოლაპარაკებები არ გაიხსნება".