Foto

პრემიერი ანაკლიაზე - ხაზარაძემ ვერ მოახერხა ინვესტორის მოზიდვა - მისი პასუხისმგებლობაა

ხაზარაძემ ვერ მოახერხა ვერც ერთი სივრციდან ინვესტორის მოზიდვა, მათ შორის ვერც ჩინური კომპანიის მოზიდვა ამ პროექტის განსახორციელებლად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

კობახიძის თქმით, ის, რომ "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება ვერ შეძლო, "მისი პასუხისმგებლობაა".

„რომ ყოფილიყო ინტერესი კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან, მათ არ გაუჭირდებოდათ ინვესტორების ჩართვა ამ პროექტის განხორციელებაში. თუმცა, მოხდა ყველაფერი ისე, როგორც მოხდა. ამაზე არ მინდა უფრო მეტი კომენტარის გაკეთება. რომ ყოფილიყო ინტერესი საქართველოში პორტის განვითარების კუთხით, არც ხაზარაძის კონსორციუმს არ უნდა გაჭირვებოდა წესით ინვესტორის მოზიდვა და ახლაც უნდა ჩართულიყო რომელიმე შესაბამისი კომპანია ამ ტენდერში, თუმცა სხვანაირად ხდება, სამწუხაროდ, ყველაფერი.

ხაზარაძემ ვერ მოახერხა ვერცერთი სივრციდან ინვესტორის მოზიდვა, მათ შორის ვერც ჩინური კომპანიის მოზიდვა ამ პროექტის განსახორციელებლად. შესაბამისად, ეს არის ხაზარაძის პასუხისმგებლობა, რომელსაც უნდა განეხორციელებინა ანაკლიის პროექტი და ვერც ერთი ინვესტორი ვერ მოიზიდა წლების განმავლობაში. რაც შეეხება სხვა სახელმწიფოებს, მათ შეეძლოთ, დაეინტერესებინათ კონკრეტული კომპანიები ამ პროექტით, რომელიც არის მომგებიანი, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა",- თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 29 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტში წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა და გამარჯვებული უახლოეს დღეებში გამოვლინდება.

გუშინვე, აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე და თქვა: "რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში და რა უნდა საქართველოს ევროკავშირში?!" რუსული მთავრობის გეგმები ღიად და პირველად ჩვენთვის ანაკლიის პროექტის გაჩერებით გაცხადდა! დღეს კი, ყველასთვის ყველაფერი ნათელია - რუსული კანონი, ირანში ვიზიტები, "ჰესბოლას" გვერდით დგომა და ანაკლიის პროექტის საბოლოოდ ჩინეთის ხელში ჩაგდება, ამერიკულ და ევროპულ ინვესტიციებზე უარის თქმა".