Foto

საქართველოში MASSIVE ATTACK-ის კონცერტი გაუქმდა

MASSIVE ATTACK-მა 28 ივლისს, Black Sea Arena-ზე დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯგუფმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კონცერტს "საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის ძირითად უფლებებზე თავდასხმის გამო", პროტესტის ნიშნად აუქმებენ.

განცხადების თანახმად, "სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Black Sea Arena-ზე გამოსვლა შეიძლება, მშვიდობიანი პროტესტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობრივი ჩახშობის მოწონებად ჩაითვალოს".

"გადავწყვიტეთ, გავაუქმოთ ჩვენი შოუ საქართველოში 28 ივლისს, პროტესტის ნიშნად, საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის ძირითად უფლებებზე თავდასხმის გამო. ამ მომენტში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Black Sea Arena-ზე გამოსვლა შეიძლება ჩაითვალოს მშვიდობიანი პროტესტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობრივი ჩახშობის მოწონებად.

ცემა, დაპატიმრება, მუქარა და ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, აქტივისტებისა და ოპონენტების მიმართ, კანონებთან ერთად, რომლებიც აზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას და უარყოფს ლგბტ ადამიანების უფლებებს, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოში მშვიდობიან მომიტინგეებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სახელმწიფო ძალადობას და ვგრძნობთ, რომ მათი ხმა უნდა მოისმინონ და მათი ბრძოლა იყოს საერთაშორისო ყურადღების ცენტრში. ჩვენ დავბრუნდებით და თქვენთან ერთად დავუკრავთ თავისუფლების პირობებში. #დაიცავიპროტესტი",- აღნიშნულია ჯგუფის განცხადებაში.

კონცერტის გაუქმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა Black Sea Arena-მაც.

"სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ 28 ივლისს, Black Sea Arena-ზე დაგეგმილი MASSIVE ATTACK-ის კონცერტი გაუქმებულია. ბილეთის მფლობელებს გადახდილი თანხა აუნაზღაურდებათ ეტაპობრივად, დეტალების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ უახლოეს მომავალში",- აღნიშნულია Black Sea Arena-ს ინფორმაციაში.