Foto

შემოსავლების სამსახური - სადახლოდან 13 კგ მარიხუანა მანქანაში მოწყობილი სამალავით შემოჰქონდათ

საბაჟო გამშვებ პუნქტში "სადახლო საავტომობილო", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, 13 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანასტა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამართალდამრღვევ მოქალაქეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა საქართველოს საზღვარზე, მალულად (ავტომობილის საბარგულში თხევადი გაზის ავზში,  წინასწარ მოწყობილ სამალავში) შემოჰქონდა. აღნიშნული აკრძალული ნარკოტიკული საშუალება დაპრესილ მდგომარეობაში,  11 პოლიეთილენის შეფუთვაში იყო მოთავსებული.

"საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერებების  შემოტანა მკაცრ კონტროლს ექვემდებარება", - ნათქვამია განცხადებაში.