Foto

ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ

ბელგიის მთავრობამ, რომელიც ამჟამად ევროკავშირს თავმჯდომარეობს, დაადასტურა, რომ ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, პაკეტი უზრუნველყოფს ახალი ზომების მიღებას და უკვე არსებული სანქციების გაძლიერების მიზნით, ხარვეზების აღმოფხვრას.

Reuters-ის ცნობით, ახალი პაკეტი, სხვა საკითხებთან ერთად, რუსული თხევადი გაზის გადაზიდვის აკრძალვასაც ითვალისწინებს.

„ევროკავშირის ელჩები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ სანქციების ძლიერ და არსებით მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ. პაკეტი ითვალისწინებს ახალ მიზანმიმართულ ზომებს ამ დრომდე დაწესებული სანქციების ზემოქმედების მაქსიმალურად გაზრდის კუთხით, ასევე არსებული ხარვეზების აღმოფხვრას“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.