Foto

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია, სახელწოდებით "დემოკრატიის გამოწვევები საქართველოში“ მიიღო.

რეზოლუციას მხარი 66-მა პირმა დაუჭირა, 4 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 5-მა თავი შეიკავა.

„საპარლამენტო ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, რომლებიც იწვევს სერიოზულ შეშფოთებებს საერთაშორისო დემოკრატიული ნორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ქვეყნის ერთგულებისა და მისი მზადყოფნის შესახებ, დაიცვას წევრობისა და ევროპის საბჭოში გაწევრიანებით აღებული ვალდებულებები.

ასამბლეა ითვალისწინებს და გამოხატავს სრულ მხარდაჭერას ვენეციის კომისიის შეფასების მიმართ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ეს კანონი, ისევე როგორც ის, თუ როგორ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული, შეუთავსებელია დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან, რაც ასახულია ევროპის საბჭოს წინაშე საქართველოს ვალდებულებებში. ასამბლეა მიიჩნევს, რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო არაკომერციული ორგანიზაციების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის ფინანსურ გამჭვირვალობასთან, რისთვისაც საქართველოში უკვე არსებობს ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ბაზა, არც მანკიერი ფარული უცხოური ჩარევის პრევენციასთან. პირიქით, ის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე ხელისუფლების მხრიდან არამართლზომიერი პოლიტიკური კონტროლის საშუალებას იძლევა. ამიტომ, ეს კანონი დაყოვნებლივ, სრულად უნდა გაუქმდეს.

ასამბლეა ღრმად შეშფოთებულია პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებული და არაპროპორციული გამოყენებით, ძალადობრივი თავდასხმებისა და დაშინების კამპანიების გამო, დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პარლამენტის წევრების მიმართ, რაც უთანხმოებისა და განსხვავებული აზრის კანონიერი გამოხატვის ჩახშობის ტოლფასია. ასამბლეა ასევე შეშფოთებულია, რომ ეს თავდასხმები და დაშინების აქტები ხელისუფლების მიერ არსაკმარისადაა გამოძიებული და დაგმობილი და რომ ამან, შესაძლოა, შექმნას ასეთი ქმედებების დაუსჯელობის ატმოსფერო. ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ მსგავს ქმედებებს ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ძალის გადამეტებულად გამოყენების, ძალადობრივი თავდასხმებისა და დაშინების კამპანიების შესახებ ყველა შეტყობინება სრულად და გამჭვირვალედ გამოძიებული იქნას შესაბამისი ორგანოების მიერ და დამნაშავეები დასჯილი.

ხელისუფლებამ დაუყოვნებლად უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა და სიფრთხილის ზომები, რათა უზრუნველყოს და დაიცვას ყველა მომიტინგის, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტის, ჟურნალისტის და პარლამენტის წევრის უსაფრთხოება, მიუხედავად მათი შეხედულებისა ამ კანონთან დაკავშირებით.

ამ კონტექსტში ასამბლეა იმეორებს 2438 (2022) რეზოლუციაში გამოხატულ შეშფოთებას „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან“ დაკავშირებით, რომელსაც ფუნდამენტური ხარვეზები გააჩნია და ადმინისტრაციული დაკავებისა და უზომოდ მაღალი ჯარიმების გამოყენების საშუალებას იძლევა, ასევე, მოწყვლადია ბოროტად გამოყენების თვალსაზრისით. შესაბამისად, სამწუხაროა ამ კანონთან დაკავშირებით ბოლოდროინდელ დემონსტრაციებში დაკავებული და დაჯარიმებული (დიდი ჯარიმებით) პირების ოდენობა.

გარდა ამისა, ასამბლეა შეშფოთებულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მიღება არ არის ცალკეული მოვლენა, არამედ კულმინაციაა მთელი რიგი მოვლენებისა, რომლებიც აშკარად მიუთითებს ქვეყნის დემოკრატიულ უკანდახევაზე. ეს ტენდენცია უნდა შეიცვალოს. ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მკაფიოდ აღასრულოს ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაცია და შემდგომი ევროინტეგრაცია, შეასრულოს საქართველოს ნაკისრი ვალდებულებები და ევროსაბჭოში გაწევრიანების ვალდებულებები, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული, ხელშესახები ქმედებებით.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არ შეიძლება განიხილებოდეს საქართველოს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისგან იზოლირებულად, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ასამბლეა შიშობს, რომ ეს კანონი უარყოფითად იმოქმედებს ამ არჩევნების ჩატარებაზე, მისი შედეგის მიმართ დაინტერესებული მხარეებისა და საზოგადოების ნდობაზე, რამაც შეიძლება, გავლენა მოახდინოს არჩევნების ლეგიტიმურობაზე. ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ამ კანონის მიღებამ, მიუხედავად ქართულ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული წინააღმდეგობისა, მოახლოებული არჩევნები გარდაუვლად აქცია დე-ფაქტო რეფერენდუმად საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისა და საგარეო განლაგების შესახებ, საგრძნობლად გაზარდა ფსონები ამ არჩევნებში, გააძლიერა პოლარიზაცია და დაძაბულობა წინასაარჩევნო გარემოში.

გარდა ამისა, ასამბლეა ხაზს უსვამს მის შეშფოთებას საქართველოში საარჩევნო საკანონმდებლო ბაზაში ბოლოდროინდელ ცვლილებებთან დაკავშირებით, მიუხედავად ვენეციის კომისიის საწინააღმდეგო რეკომენდაციისა, რომელიც ცვლის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და არაპარტიული წევრების არჩევის წესს, ასევე, აუქმებს ოპოზიციის მიერ დანიშნული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას. ეს ცვლილებები საშუალებას მისცემს მმართველ უმრავლესობას, თავად შეარჩიოს და დანიშნოს ცესკოს თავმჯდომარე და არაპარტიული წევრები, რაც ფაქტობრივად, მას ცესკოში უმრავლესობას მისცემს.

ასამბლეის შეშფოთებას ემატება საარჩევნო კოდექსში ბოლო წუთს შეტანილი ცვლილებები, რომლებიც მიღებულ იქნა ნაჩქარევად, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე, რამაც შეცვალა ცესკოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად დაწესებული მაღალი კვორუმი, მარტივი უმრავლესობით. ცესკოს თავმჯდომარისა და არაპარტიული წევრების არჩევის პროცესთან ერთად, ეს ცვლილებები მმართველ უმრავლესობას ცესკოს ყველა გადაწყვეტილებაზე პოტენციურ კონტროლს აძლევს.

ცხადია, რომ საარჩევნო კოდექსში ეს ცვლილებები დიდ გავლენას მოახდენს საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის მიმართ დაინტერესებული მხარეების აღქმასა და ნდობაზე. ეს, თავის მხრივ, გავლენას იქონიებს იმაზე, როგორ იქნება აღქმული დაინტერესებული მხარეებისა და მთლიანად ქართული საზოგადოების მიერ არჩევნების ლეგიტიმურობა, სამართლიანობა და მათი შედეგები.

ამ ფონზე, ასამბლეა შეშფოთებულია იმ რეალური შესაძლებლობით, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ შედეგად, პატივსაცემი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ არჩევნებზე დაკვირვების ხანგრძლივი და დიდი გამოცდილება, ვეღარ შეძლებენ არჩევნებზე დაკვირვებას. მათი, როგორც არჩევნების დამკვირვებლების გამორიცხვა, ასამბლეის თვალში სრულიად მიუღებელი და, რა თქმა უნდა, კონტრპროდუქტიული იქნებოდა.

გარდა ამისა, ასამბლეა გამოხატავს თავის ძლიერ შეშფოთებას „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან, კერძოდ კი, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან (ETS No. 5). სამწუხაროა, წინასაარჩევნო პერიოდში ემოციურად დატვირთულ საკითხებზე ასეთი სადავო კანონპროექტების წარდგენა. ამ კონტექსტში ასამბლეა გამოხატავს თავის ღრმა შეშფოთებას წინასაარჩევნოდ, ლგბტი-ფობიის პოლიტიკური მანიპულირების გამო. იგი მოუწოდებს ხელისუფლებას, სრულად გაითვალისწინონ ამ კანონების შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაში მოცემული შეშფოთებები და რეკომენდაციები.

ასამბლეას სურს, პატივი მიაგოს საქართველოს მოქალაქეების ერთგულებას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, რის დემონსტრირებასაც განაგრძობდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების დროს, მტრული და რეპრესიული პოლიტიკური ატმოსფეროს მიუხევადად. არ შეიძლება დემოკრატიული მომავლისთვის საქართველოს მოქალაქეების იმედებისა და მისწრაფებების იგნორირება, რომელიც მტკიცედ არის ფესვგადგმული ევროპულ ოჯახში. ისინი აღიარებული და დაფასებული უნდა იყვნენ.

ასამბლეა გამოთქვამს ძლიერ იმედს საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისა და შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. იგი იმეორებს თავის ვალდებულებას ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა და კონსტრუქციული, ღია დიალოგისადმი, ისევე როგორც ყველა სხვა პოლიტიკურ ძალასთან და საქართველოს საზოგადოებასთან, რათა შეცვალოს ბოლოდროინდელი უკუსვლა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ნაკისრ ვალდებულებებსა და ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

ასამბლეისთვის ცნობილია და ის შეშფოთებულია სხვა წევრ ქვეყნებში მსგავსი პრობლემური კანონმდებლობის მიღების, ან უკვე არსებული ინიციატივების შესახებ, რომელიც ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე პოლიტიკური კონტროლის საშუალებას მისცემს. ასამბლეა მოუწოდებს ყველა წევრ სახელმწიფოს, ახსოვდეთ მათი წევრობით ნაკისრი ვალდებულებები და თავი შეიკავონ კანონმდებლობის მიღებისგან, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულის საბჭოს დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტარდარტებს.

ასამბლეა სთავაზობს მონიტორინგის კომიტეტს, განაგრძოს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე თვალყურის დევნება, მათ შორის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და მათ შედეგებზე და საჭიროების შემთხვევაში, დაყოვნებლივ წარადგინოს ანგარიში“,- აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.