Foto

სააკაშვილი პოლიტიკური ნიშნით იმყოფება პატიმრობაში, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით - ბოკუჩავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მთავარი ოპოზიციური პარტიის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ნიშნით იმყოფება პატიმრობაში, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ექსპრეზიდენტი განიცდის არასათანადო მოპყრობას და მოკლებულია სათანადო სამედიცინო დახმარებას.

"ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ სხვა პოლიტპატიმრები რჩებიან უკანონო პატიმრობაში რუსეთში, ბელარუსში და ასევე, საქართველოში, სადაც ავტორიტარული ხელისუფლება რუსი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, კორუმპირებულ მოსამართლეებს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყენებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მთავარი ოპოზიციური პარტიის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი, რომლის თავმჯდომარეც ახლა მე ვარ, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ნიშნით იმყოფება პატიმრობაში, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით. ის განიცდის არასათანადო მოპყრობას და მოკლებულია სათანადო სამედიცინო დახმარებას. როგორც წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა განაცხადა, ის იმყოფება "გარემოში, რომელიც არის რეპრესიული, დამამცირებელი და არახელსაყრელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“.

პოლიტიკური მართლმსაჯულების ადგილი არ არის დემოკრატიულ ქვეყანაში. კრიტიკული ხმების ჩაგვრა ან განეიტრალება არის ის, რითაც ძლიერდებიან ავტორიტარები და ცდილობენ, შეინარჩუნონ ძალაუფლება ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. სწორედ ამ ჩაგვრის გზას ადგას საქართველოს ხელისუფლება და ცდილობს, საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას. თუმცა, ეს სახიფათო ცვლილება შეიძლება შეიცვალოს ოქტომბრის საკვანძო არჩევნებით და მოვუწოდებ ამ კომიტეტის წევრებს და ზოგადად ასამბლეას, სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს და აქტიურად ჩაერთონ იმ არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას",- განაცხადა ბოკუჩავამ.