ეუთო/ოდირმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეუთო/ოდირმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებული ორგანული კანონები უარყოფითად შეაფასა და პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიიჩნია.
აპარატის ცნობით, ეუთო/ოდირმა დაასკვნა, რომ არ არსებობს მტკიცებულება ვარაუდისათვის, რომ გენდერული კვოტების გაუქმება აუცილებელი იყო კონსტიტუციურობის საფუძვლით, ან საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობის თვალსაზრისით, არაეფექტურობისა თუ იმის გამო, რომ საჭირო აღარ იყო.
"სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა სამართლებრივი დასკვნა მოამზადა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ ორგანულ კანონებზე, უარყოფითად შეაფასა ისინი და პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიიჩნია.
შესაბამისი კანონპროექტები საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებულად, 4 დღეში განიხილა და ამა წლის 4 აპრილს საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო, მოგვიანებით, 15 მაისს კი მათთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტოც დაძლია.
დასკვნის მიხედვით, კვოტების სისტემა მიზნად ისახავს დე ფაქტო თანასწორობის მიღწევას და ხელს უწყობს ქვეყანაში ქალთა წარმომადგენლობის თანდათანობით გაზრდას. მოცემულ კონტექსტში კი არ არსებობს მტკიცებულება ვარაუდისათვის, რომ გენდერული კვოტების გაუქმება აუცილებელი იყო კონსტიტუციურობის საფუძვლით, ან საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობის თვალსაზრისით, არაეფექტურობისა თუ იმის გამო, რომ საჭირო აღარ იყო. მიუხედავად იმისა, რომ გენდერული ბალანსი საქართველოს პარლამენტში ნელა, თუმცა თანდათანობით უმჯობესდებოდა სავალდებულო გენდერული კვოტებისა და ფინანსური წახალისების შემოღების გამო, ის კვლავ დაბალი რჩება ეუთოს რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით და არ აღწევს საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტებითა და რეკომენდაციებით გათვალისწინებულ მიზნობრივ მაჩვენებლებს. დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებაზეც, რომ კანონპროექტების თანმხლები განმარტებითი ბარათები არ შეიცავს კონკრეტულ მტკიცებულებას, მონაცემს ან ფაქტს, გენდერული კვოტის მოქმედების მექანიზმის სიღრმისეულ ანალიზს ან მის შესაძლო ალტერნატივას და ვერ ასაბუთებს საარჩევნო გენდერული კვოტებისა და პარტიების ფინანსური წახალისების სისტემის გაუქმების საჭიროებას.
ეუთო/ოდირი თავის დასკვნაში ყურადღებას ამახვილებს ასევე პროცედურულ ხარვეზებზე, კანონპროექტების დაჩქარებულად მიღებაზე, განხილვის პროცესში ადეკვატური და ინკლუზიური მონაწილეობისა და დაინტერესებულ მხარეებთან რელევანტური კონსულტაციების არარსებობაზე, არჩევნების სიახლოვეს საარჩევნო სისტემის არსებითი ელემენტების ცვლილების უარყოფით მხარეებსა და საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის პრინციპის გაუთვალისწინებლობაზე.
დასკვნაში დეტალურად არის მიმოხილული საერთაშორისო ვალდებულებები პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით, ასევე მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები",- აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press