Foto

რუსი აქტივისტის, ბორის ზოლოტარევსკის განცხადებით, მესაზღვრეებმა საქართველოში არ შემოუშვეს

რუსი აქტივისტი ბორის ზოლოტარევსკი აცხადებს, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოში არ შემოუშვეს. 

როგორც ზოლოტარევსკი სოციალურ ქსელში წერს, მესაზღვრეებისგან მიიღო სტანდარტული ფურცელი მშრალი ფორმულირებით "უარის მიზეზი: სხვა მიზეზები".

"ქვეყანაში ცხოვრების მესამე წელს, საქართველოში არ შემიშვეს. თავდაპირველად, მესაზღვრეებს თვალები დაუმრგვალდათ ჩემი პასპორტის დანახვისას, შემდეგ ცვლაში მყოფმა უფროსმა გულმოდგინედ შეხედა მონიტორს და წავიდა რაღაცაზე რაციით გადალაპარაკებისთვის. მთხოვეს დალოდება - 2 საათის განმავლობაში ჩემს გარშემო ბევრმა ადამიანმა გაიარა, სხვადასხვა ფერის პასპორტებით. შემდეგ მიხმეს, გადმომცეს სტანდარტული ფურცელი მშრალი ფორმულირებით "უარის მიზეზი: სხვა მიზეზები".

წლების განმავლობაში საქართველო ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. აქ მართლაც თავისუფლების განსაკუთრებული ჰაერია...

ოცჯერ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან ახლოს. ხალხს ხელი ჩამოვართვი, თვალებში ჩავხედე, ჩავეხუტე. რასაც ჩვენი ქვეყანა აკეთებს, საქართველოს 20%-ზე მეტის ოკუპაციით და მცოცავი ანექსიის ფარგლებში სულ უფრო მეტ მიწის ნაკვეთს მოკბეჩით, საშინელებაა. მე და ჩემი კოლეგები მაქსიმალურად ვცდილობდით და ვცდილობთ, როგორმე მაინც დავეხმაროთ ადგილობრივებს, ვისაუბროთ ოკუპაციაზე, წავიდეთ საპროტესტო აქციებზე. და ჩვენ გავაგრძელებთ ნებისმიერ შემთხვევაში. საქართველო და ქართველები უკვე სამუდამოდ არიან ჩემს გულში. მადლობა ყველაფრისთვის საქართველო. დიდი იმედი მაქვს, რომ ისევ შევხვდებით!" - წერს აქტივისტი "ფეისბუქის" გვერდზე.

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ახსნა-განმარტების გარეშე არ უშვებენ. 2022 წლის 12 დეკემბერს, რუსი ჟურნალისტი, Холод-ის პოდკასტის რედაქტორი ალექსეი პონომარევი საქართველოში არ შემოუშვეს. ასევე არ შემოუშვეს უკრაინელი ტელეწამყვანი რომან დრიბნოი, რომელიც საქართველოში უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო გამოფენას უნდა დასწრებოდა. შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს ბლოგერ ალექსეი რომანოვსაც.

2023 წლის 12 იანვარს, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, სეიმურ ჰაზიმ განაცხადა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უკან გააბრუნეს. ამავე წლის 13 თებერვალს, რუსეთის კრიზისული ცენტრის Насилию.нет-ის დამფუძნებელი ანა რივინა არ შემოუშვეს. 20 თებერვალს, შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს მწერალსა და ჟურნალისტს, ფილიპ ძიადკოს. 14 მარტს, რუსული ოპოზიციური საინფორმაციო ტელეარხის ДОЖДЬ-ის ჟურნალისტი ალექსანდრა შევჩენკო, 29 მარტს, რუსი უფლებადამცველი და პუტინის კრიტიკოსი დარიანა გრიაზნოვა, 19 აპრილს, რუსი პუბლიცისტი ალექსანდრ არხანგელსკი, 10 მაისს, ჩეჩენი ჟურნალისტი ჟალავდი გერიევი არ შემოუშვეს ქვეყანაში.

2 ივნისს, საქართველოში რუსი ჟურნალისტი და მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი, 25 აგვისტოს, რუსეთის ბავშვთა ყოფილი ომბუდსმენი პაველ ასტრახოვი, 12 დეკემბერს, რუსი ნაციონალისტი და რუსეთის მიერ ექსტრემისტად გამოცხადებული დმიტრი დემუშკინი, ხოლო 2024 წლის 1-ელ თებერვალს, რუსი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი ფიოდორ კრაშენინიკოვი არ შემოუშვეს.