Foto

8 ივლისს ჩატარდება ღონისძიება, სადაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეზე - თინა ბოკუჩავა

ვგეგმავთ, რომ 8 ივლისს ჩავატაროთ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, ერთგვარი პრეზენტაცია, სადაც იქნება პარტიული ყრილობის ნაწილი, სადაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, მათ შორის თავმჯდომარესთან მიმართებაში, ისევე, როგორც პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარესთან მიმართებაში,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, შიდა პარტიული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა გადაწყვეტილების განხილვა პოლიტსაბჭოს ფორმატში მოხდეს.

„იცით, რომ პოლიტიკური საბჭო არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, ეს არის სათათბირო ორგანო და ამიტომ, შიდა პარტიული დემოკრატიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა გადაწყვეტილება განვიხილოთ სწორედ პოლიტსაბჭოს ფორმატში. ამიტომ შევიკრიბეთ დღეს და ასევე, ჩვენ ვგეგმავთ, რომ 8 ივლისს ჩავატაროთ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, ერთგვარი პრეზენტაცია, სადაც იქნება პარტიული ყრილობის ნაწილი, სადაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, მათ შორის თავმჯდომარესთან მიმართებაში, ისევე, როგორც პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარესთან მიმართებაში და რა თქმა უნდა, ამ საკითხებზეც, ისევე, როგორც სხვა სიახლეებზეც, რომელსაც ძალიან მალე მოისმენს და დაინახავს საზოგადოება.

8 ივლისს გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი პრეზენტაცია, რომელსაც ექნება პარტიული ყრილობის ელემენტი, სადაც იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, მათ შორის თავმჯდომარესთან მიმართებაში. იცით, რომ ლევან ხაბეიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესთავაზოს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომ იყოს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. მე მექნება პასუხისმგებლობა, რომ არჩევნებში შევიდეთ ჩემი ხელმძღვანელობით და ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ისეთმა წარმომადგენლობითმა ყრილობამ, როგორსაც ჩვენ ჩავატარებთ 8 ივლისს, სწორედ ამ ფორმატით განიხილოს და იმედი მაქვს მათი მხარდამჭერის შემთხვევაში დამტკიცდეს",- განაცხადა ბოკუჩავამ.