Foto

ინდონეზიის კუნძულ სულავესზე მეწყერის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიის კუნძულ სულავესზე მდებარე ოქროს მაღაროში რამდენიმედღიანი კოკისპირული წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა, რასაც სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 18 პირი ამ დროისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

როგორც Reuters-ი ადგილობრივ სამაშველო სააგენტოს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, სუვავას რაიონში, გორონტალოს პროვინციაში მომხდარ სტიქიას ამ ეტაპზე 5 გადარჩენილი ჰყავს, რომელთა ევაკუაციაც უკვე განხორციელდა.

"დაკარგულთა მოსაძებნად ჩვენ გამოვიყვანეთ 164-კაციანი ჯგუფი, რომელიც შედგება ეროვნული სამაშველო ჯგუფის წევრების, პოლიციისა და სამხედრო პერსონალისგან... ჩვენ შევეცდებით, გამოვიყენოთ ექსკავატორი, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება",- განაცხადა სამაშველო სააგენტოს წარმომადგენელმა. 

ინდონეზიის კატასტროფების სააგენტოს (BNPB) ცნობით, მეწყერმა რამდენიმე სახლი და ერთი ხიდი დააზიანა.

BNPB-მა ასევე გააფრთხილა მოსახლეობა, რომ მომდევნო 2 დღის განმავლობაში გორონტალოს პროვინციის ზოგიერთ რაიონში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი და მათ სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.