ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა თანამშრომლობისთის, მეგობრობისთვის, რაც ორმხრივი უნდა იყოს,- ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთან სამხედრო წვრთნების გადადების შესახებ.
კალაძის განცხადებით, ცუდია, რომ წვრთნები გადაიდო.
„ცხადია, ცუდია, რომ გადაიდო, თუმცა ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, რაც ორმხრივი უნდა იყოს, ცალმხრივი ვერ იქნება, აღნიშნული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. ველოდებით, რომ ეს მიდგომები და დამოკიდებულებები იქნება შეცვლილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, „ვერავინ მოიყვანს მაგალითს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკური კურსი შეიცვალა".
„ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი არის შეცვლილი. ბუნებაში არ არსებობს უბრალოდ. ეს არის ფარისევლობა. არანაირი მაგალითი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს კურსი შეცვლილია. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არადემოკრატიული, არაევროპული ნაბიჯები გადადგა. მოყოლებული 2012 წლიდან, ყველა ხელშესახები წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე გაკეთებულია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ“, - განაცხადა მერმა.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და ხელისუფლება „არ დაუშვებს, ვინმეს კარნახით ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯი გადადგას".
„საქართველო ვერ იქნება ვინმეს ვასალი. შეუძლებელია. საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ამისთვის ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს, სისხლი დაღვარეს და არავის მიეცემა იმის შესაძლებელობა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უბრძანოს და გადაადგმევინოს ისეთი ნაბიჯი, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ პრობლემური იქნება ჩვენი სახელმწიფოსა და მოსახლეობისთვის. გვახსოვს მოწოდებები სანქციებთან, მეორე ფრონტთან, სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები გაღრმავდეს, მოხდეს გადატვირთვა და თანამშრომლობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს“, - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მრავალეროვნული სამხედრო წვრთნა - "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო. პენტაგონმა 5 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ აღნიშნული განპირობებულია "საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, რომ თითქოს აშშ-ს საქართველოში გადატრიალება ან მეორე ფრონტის გახსნა სურს".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press