Foto

როდესაც საქმე ეხება ურთიერთობას საქართველოსთან, დემოკრატიულ უკანდახევას შედეგები მოჰყვება - მეთიუ მილერი

ევროკავშირშიც და ჩვენც ნათლად განვაცხადეთ, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან, დემოკრატიულ უკანდახევას შედეგები მოჰყვება,- ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დაფინანსების გაყინვას.

როგორც მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეერთებულ შტატებში საქართველოსთან ურთიერთობის "გადახედვა გრძელდება". 

„ცხადია, ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება და ისინი უფრო სწორად გააკეთებენ ამაზე კომენტარს, თუმცა, ვიცი, რომ მათ ნათლად განაცხადეს და ჩვენც განვაცხადეთ, როდესაც საქმე ეხება საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობას, დემოკრატიულ უკანდახევას მოჰყვება შედეგები“,- განაცხადა მილერმა. 

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მრავალეროვნული სამხედრო წვრთნა - "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო. პენტაგონმა 5 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ აღნიშნული განპირობებულია "საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, რომ თითქოს აშშ-ს საქართველოში გადატრიალება ან მეორე ფრონტის გახსნა სურს".

გუშინ, 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. მისივე თქმით, EU-ის ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაყინონ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვაც თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა.