Foto

ბოკუჩავა - აშშ-თან საუბარი უნდა იყოს არა მათი მხრიდან ინდივიდუალურ სანქციებზე, არამედ იმ სიკეთეზე, რომელიც საქართველოს შეუძლია მიიღოს

აშშ-თან საუბარი უნდა იყოს არა მათი მხრიდან ინდივიდუალურ სანქციებზე, არამედ იმ უამრავ სიკეთეზე, რომელიც საქართველოს მყისიერად შეუძლია მიიღოს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების შემდეგ საქართველოს შეეძლება მიიღოს, უვიზო მიმოსვლა შეერთებულ შტატებთან, გაღრმავებული ეკონომიკური ურთიერთობები და დამატებითი დახმარება, მათ შორის თავდაცვის ნაწილში.

"დღეს მთავარი არჩევანი კეთდება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეების ნება უნდა აისახოს საარჩევნო შედეგზე, რაც გამოიწვევს ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებას და ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ აღვადგინოთ ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის აშშ-თან და მათი მხრიდან საუბარი იყოს არა ინდივიდუალურ სანქციებზე ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ეჭვქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს, არამედ იმ უამრავ სიკეთეზე, რომელიც საქართველოს მყისიერად შეუძლია მიიღოს, როგორიც არის უვიზო მიმოსვლა აშშ-თან, გაღრმავებული ეკონომიკური ურთიერთობები და დამატებითი დახმარება, მათ შორის თავდაცვის ნაწილში", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.