Foto

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე ცოტა ხნის წინ გაიმართა.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, კანონპროექტს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, პროექტს მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმაც დაუჭირა. 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, კანონპროექტი 16 მუხლისგან შედგება.

მისივე თქმით, პროექტით გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4 -ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.

კანონპროექტი არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, „ქურდულ სამყაროს", კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.