Foto

Reuters - ისრაელის იერიშს იემენში, ჰოდეიდაზე 3 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის მიერ იემენში, შიიტი "ჰუსიტების" მიერ კონტროლირებად საპორტო ქალაქ ჰოდეიდაზე მიტანილი იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 87 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იემენელი "ჰუსიტების" მედია Al-Masirah TV-ზე დაყრდნობით წერს, დაშავებულთა უმეტესობამ მძიმე დამწვრობა მიიღო საჰაერო თავდასხმების დროს, რომელთა სამიზნესაც ნავთობის ობიექტები და ელექტროსადგური წარმოადგენდა.

Reuters-ს ჰოდეიდას მცხოვრებლებმა სატელეფონო საუბრისას უთხრეს, რომ ინტენსიური დაბომბვის დროს აფეთქებების ხმა მთელ ქალაქში ისმოდა. 

Al-Masirah TV-მ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პორტის ნავთობის საცავებში დაბომბვების შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას, მეხანძრეებთან ერთად, სამოქალაქო თავდაცვის ძალებიც ცდილობდა.

იერიშის შემდეგ ისრაელის სამხედრო სპიკერმა განაცხადა, რომ "ჰუსიტები" ჰოდეიდას პორტს ირანისგან იარაღის მისაღებად იყენებენ.

მისი თქმით, სამიზნეები, რომლებიც ისრაელიდან 1 700 კილომეტრზე მეტით არის დაშორებული, ორმაგი დანიშნულების ობიექტებს წარმოადგენს.

დაბომბვების შემდეგ "ჰუსიტების" უმაღლესმა პოლიტიკურმა საბჭომ თქვა, რომ დარტყმებზე "ეფექტური პასუხი" იქნება. 

სამხედრო სპიკერ იაჰია სარის განცხადებით, "ჰუსიტები" "ისრაელის სამიზნეებზე დარტყმას არ დააყოვნებენ".

ცნობისთვის, ისრაელმა, თელ-ავივზე თავდასხმის საპასუხოდ, იემენში, შიიტი "ჰუსიტების" მიერ კონტროლირებად საპორტო ქალაქ ჰოდეიდაზე იერიში გუშინ, 20 ივლისს მიიტანა.