Foto

შოლცი - ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, აღარ იყაროს კენჭი, პატივისცემას იმსახურებს

ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, აღარ იყაროს კენჭი, პატივისცემას იმსახურებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სოციალურ ქსელში დაწერა.

შოლცის თქმით, ბაიდენის დამსახურებაა, რომ გერმანიისთვის ამერიკის შეერთებული შტატები კარგი პარტნიორია.

“ჩემმა მეგობარმა, ჯო ბაიდენმა ბევრს მიაღწია თავისი ქვეყნისთვის, ევროპისთვის, მსოფლიოსთვის. მისი წყალობით ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა მჭიდროა, ნატო ძლიერია, აშშ კი ჩვენთვის კარგი და საიმედო პარტნიორია. მისი გადაწყვეტილება, აღარ იყაროს კენჭი, პატივისცემას იმსახურებს“, – წერს ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ, 21 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა და "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მანვე განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე "დემოკრატების" კანდიდატად მხარს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭერს.