Foto

ოპოზიციამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციოს მიმართა

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. 

როგორც პლატფორმა "ერთიანობის" ლიდერმა, თამარ კორძაიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, სარჩელით, რომელსაც 38 დეპუტატის ხელმოწერა აქვს, ოპოზიციის ნაწილი პირველ ეტაპზე კანონის მოქმედების შეჩერებას ითხოვს.

"საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან და საერთოდ თითოეულ საქართველოს მოქალაქესთან. რუსული კანონი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ვთვლით, რომ ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა, ამაზე ვიდავოთ საკონსტიტუციო სასამართლოში.

საქართველოს საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია, 38 დეპუტატი ვაწერთ ხელს, ზოგიერთი უბრალოდ არ იყო ფიზიკურად, თორემ ისიც უერთდება ამ სარჩელს და ჩვენ სასამართლოში ყველასთან ერთად, მთელი საქართველო ვდავობთ "ქართული ოცნების“ რუსული კანონის წინააღმდეგ. 

ვასაჩივრებთ მთელ კანონს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებაში, მაგრამ პირველი ეტაპი არის შეჩერება, ჩვენ ვითხოვთ შეჩერებას, არჩევნებამდე ეს კანონი უნდა შეჩერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, შეუქცევადი ზიანი მიადგეს ამ ქვეყანას",- ამბობს კორძაია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, კანონი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს ეწინააღმდეგება.

"რუსული კანონი არღვევს არაერთ საერთაშორისო ნორმას და სტანდარტს, ის ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კერძოდ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ავალდებულებს ყველა სახელისუფლებო შტოს და ინსტიტუციას, რომ ყველაფერი გააკეთოს მისი უფლებამოსილების ფარგლებში ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად მაშინ, როდესაც რუსული კანონის მიღებით ივანიშვილის პარტიამ გზა ჩაუხერგა ჩვენს ქვეყანას ევროკავშირისკენ. სიმართლე გითხრათ, არ გვაქვს მოლოდინი იმის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ იხელმძღვანელებს პოლიტიკური დაკვეთით, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია მათ შორის იმპიჩმენტის საკითხში პრეზიდენტი ზურაბიშვილის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ოპოზიცია გავერთიანდეთ იმისთვის, რომ გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური ბერკეტი, რათა შევეწინააღმდეგოთ რუსულ კანონს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ გამოიყენებს ამ შანსს, რომ დადგეს კონსტიტუციის და ქართველი ხალხის მხარეს, ამ შანსს გამოიყენებს ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს და მაინც გააუქმებს საკუთარი არჩევანით რუსულ კანონს",- აცხადებს ბოკუჩავა.