Foto

ჰელსინკის კომისია ენტონი ბლინკენს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ჰელსინკის კომისია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

წერილს, რომელსაც ხელს კონგრესმენები - ჯო უილსონი, სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი და მარკ ვისი აწერენ, ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ჩვენ გწერთ ამ წერილს, რათა მოგიწოდოთ მეტი სასწრაფო და გადამწყვეტი ქმედებებისკენ საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ მივესალმებით თქვენს ბოლო განცხადებას სავიზო პოლიტიკის შეზღუდვის შესახებ მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს და ვფიქრობთ, რომ ეს არის ძლიერი ნაბიჯი თბილისში მზარდი ავტორიტარული და ანტიდემოკრატიული ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ. თუმცა, ადგილზე მოვლენების ტემპი და სიმძიმე გვაფიქრებინებს, რომ სასწრაფოდ არის საჭირო მეტის გაკეთება საქართველოს მოსახლეობის დასაცავად.

მიგვაჩნია, რომ დროა, დავიწყოთ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესების პროცესი კორუფციისა და ბოროტი გავლენის ძირითადი წყაროების მიმართ საქართველოში, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისა და მის ახლო გარემოცვის მიმართ. ცხადი უნდა გახდეს, რომ კორუფციისა და ბოროტი გავლენის მთავარი აგენტები საქართველოში, ანტიდასავლურ ელემენტებთან ერთად, ვერ ინადირებენ თავისუფლად ქართველ ხალხზე და ვერ მიაყენებენ ზიანს მის დემოკრატიას. 

გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ შავი ფულის მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც ეხმარება "ქართული ოცნების“ მფარველობის სისტემას, მოდის "თაღლითური“ სატელეფონო ცენტრების თანავარსკვლავედიდან მთელს მსოფლიოში, რომელთაგან ზოგიერთი მდებარეობს მეგობარ სახელმწიფოებში და ძირითადად ფუნქციონირებს თაღლითური და უკანონო საქმიანობის საფუძველზე. 

ეს ქოლცენტრები, როგორც ჩანს, წარმოადგენს თანამშრომლობის კვანძებს საქართველოში კორუმპირებულ აგენტებს შორის, ისევე, როგორც მათ სხვა კლეპტოკრატ კოლეგებს შორის რუსეთში, და სავარაუდოა, რომ იგივე ქოლცენტრები სხვადასხვანაირად მობილიზებული იყო სამოქალაქო საზოგადოების წევრების, დემოკრატიის აქტივისტებისა და პოლიტიკური ოპოზიციის, ასევე მათი ოჯახების წევრების შევიწროებისა და დაშინებისთვის.

უკანონო მოგება, რომელსაც ისინი აწარმოებენ, ასევე ხმარდება სხვადასხვა კორუფციულ ქსელებს საქართველოში, რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ და ხელს უწყობს პოლიტიკური ეკონომიკის შემაშფოთებელი სისტემის შენარჩუნებას, რამაც ხელი შეუწყო საქართველოში ბოლოდროინდელ ანტიდემოკრატიულ და ანტიდასავლურ შემობრუნებას. 

ასევე სავარაუდოა, რომ იგივე ქსელები ემსახურება შემოსავლის წყაროს, რომელიც კვებავს რუსულ კორუმპირებულ ქსელებს და ხელს უწყობს სანქციების თავიდან აცილების სისტემების არსებობას. 

ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ აუცილებელია სახელმწიფო დეპარტამენტმა, აშშ-სთან და მეგობარ უცხოურ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით, მიიღოს სწრაფი, დაუყოვნებელი და სისტემური ზომები ამ სატელეფონო ცენტრების ქსელისა და სხვა მსგავსი ძალისხმევების წინააღმდეგ საერთაშორისო დონეზე, რათა გაანადგუროს ან ჩაშალოს მათი ოპერაციები.

ჩვენ გვჯერა, რომ ეს ქმედებები შესაბამისობაშია ჩვენს კანონპროექტთან "საქართველოს ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის განვითარების საშუალებების მობილიზებისა და გაძლიერების შესახებ“ (MEGOBARI). ეს კანონმდებლობა ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული პრაქტიკის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის გაძლიერებას და კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას, ისევე, როგორც ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას",- ნათქვამია წერილში, რომლის თარგმანსაც "მთავარი არხი" ავრცელებს.