Foto

მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალდებულებები შეასრულოს - საგარეო

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, შეწყვიტოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების დაბრკოლება.  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ და უპირობო  მხარდაჭერას და მადლიერია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისთვის.

“ 2024 წელს 16 წელი სრულდება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან.

16 წლის შემდეგაც რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს განუყოფელი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევითა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების სრული უგულებელყოფით, რაც დასტურდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021-24 წლებში მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ბაზები; საოკუპაციო ძალების მიერ რეგულარულად ჩატარებული სამხედრო წვრთნები; საოკუპაციო ხაზზე ხელოვნურად აღმართული ბარიერები; საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეთა მკვლელობები, უკანონო დაკავებები, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია და რუსეთის მიერ განხორციელებული სხვა დესტრუქციული ქმედებები კიდევ უფრო აუარესებს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მყიფე უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ გარემოს. ამავდროულად, რუსეთი დღემდე აბრკოლებს ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავ წვდომასა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას. 

საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო არჩევნების ჩატარებით, დასახლებული პუნქტებისა და სტრატეგიული ობიექტების გადაფორმებით, საოკუპაციო რეჟიმებთან სხვადასხვა სახის ინტეგრაციული ე.წ. ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების დადებითა და განხორციელებით, რუსეთი მიზნად ისახავს საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, სოციალურ სისტემებში ინტეგრაციას და ხელს უწყობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის იზოლაციაში მოქცევას როგორც დანარჩენი საქართველოსგან, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისგან.

საქართველო განუხრელად აგრძელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას და მიზნად ისახავს, რომ დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უზრუნველყოს ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გამთლიანება და განვითარება. საქართველო განაგრძობს კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომლის მთავარი მიზანია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხების გადაწყვეტა. საქართველოს მთავრობა დგამს ნაბიჯებს საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად და საერთო ევროპული მომავლის მშენებლობისკენ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ და უპირობო  მხარდაჭერას და მადლიერია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისთვის.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, შეწყვიტოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების დაბრკოლება. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს და პატივს მიაგებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული  მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს“,- ნათქვამია განცხადებაში.