Foto

საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით იმედგაცრუებული ვარ - ბაიდენი ზურაბიშვილს

იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით,- ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წერილში, რომელსაც ის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უგზავნის.

როგორც ბაიდენის წერილშია აღნიშნული, "მიუხედავად ამ ნაბიჯებისა" აშშ საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ერთგული რჩება.

"მინდა, აღვნიშნო ქართველი ხალხის მკაფიო ნება, რომელიც განაგრძობს თავისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების გამოხატვას. შეერთებული შტატები მიესალმება დემოკრატიული მომავლისადმი საქართველოს მოსახლეობის ურყევ ერთგულებას, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოებას განსხვავებული შეხედულებებისა და მოსაზრებების გამოხატვით.

იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის "უცხოური აგენტების" კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

32-წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში საქართველო და შეერთებული შტატები ერთად ვიცავთ მშვიდობას, სტაბილურობას, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს. ეს საერთო ღირებულებები აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს და ვიცი, რომ ეს ღირებულებები მომავალშიც გააერთიანებს ჩვენს ხალხებს",- ნათქვამია ჯო ბაიდენის წერილში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს.