მოღალატეთა ბანდა იმიტომ მოიყვანა პუტინის რეჟიმმა ხელისუფლებაში, რომ სწორედ ეს ღალატი ჩაედინა, რომ მიუხედავად სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების ერთმნიშვნელოვანი ვერდიქტებისა, რომელიც ცხადია, პუტინს არ მოეწონა, ამ ბანდამ, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ, ილაპარაკოს რომ არა, რუსეთი კი არ არის დამნაშავე, არამედ სწორედ საქართველოს ხელისუფლებაა დამნაშავე ომის გაჩაღებაში საქართველოსვე ტერიტორიაზე,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შესახებ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსა და "ნაციონალური მოძრაობის" შესაძლო გასამართლების შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებებს.
როგორც ბარამიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, "ქართული ოცნების" განცხადებებს რუსეთის ფედერაცია "სიტყვა-სიტყვით იმეორებს, რაც მმართველი პარტიის მიერ არა გამოცხადებულ, არამედ დადასტურებულ ღალატის ფაქტზე" მიანიშნებს.
"მინდა, გამოვეხმაურო იმ მოღალატეობრივ განცხადებას, რომელიც გააკეთა ივანიშვილის კრიმინალური ბანდის წარმომადგენელმა და გამოიყენა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა საქართველოს წინააღმდეგ გაეროში. ჩვენ გუშინ ვიხილეთ "ქართულ ოცნებად" წოდებული ამ კრიმინალური ბანდის რეაქცია, რომლებმაც კი არ აღიარეს, რომ შეცდომა მოუვიდათ და შეეშალათ, არამედ დაიწყეს კვლავ იმავეს ლაპარაკი და კვლავ გააგრძელეს საქართველოს დადანაშაულება რუსეთის საამებლად და პუტინის დავალების შესაბამისად რუსეთისთვის სისხლიანი ხელების მოსაწმენდად.
ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ისინი კი არ ცდებიან და რამე შემთხვევით კი არ მოსდით, არამედ ეს მოღალატეთა ბანდა იმიტომ მოიყვანა პუტინის რეჟიმმა ხელისუფლებაში, რომ სწორედ ეს ღალატი ჩაედინა, რომ მიუხედავად სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების ერთმნიშვნელოვანი ვერდიქტებისა, რომელიც ცხადია, პუტინს არ მოეწონა, ამ ბანდამ, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ, ილაპარაკოს რომ არა, რუსეთი კი არ არის დამნაშავე, არამედ სწორედ საქართველოს ხელისუფლებაა დამნაშავე ომის გაჩაღებაში საქართველოსვე ტერიტორიაზე.
აი, ეს არის მიზანი, რისთვისაც მოიყვანა პუტინმა ეს ბანდა ხელისუფლებაში და ეს არის მიზეზი, რატომაც ზის დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში, რატომაც ჰყავთ ბიძინა ივანიშვილსა და პუტინს ის ტყვედ.
ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც უფრთხის ბიძინა ივანიშვილი, რადგან ის არის მთავარი პრობლემა, ამ მოღალატეთა ბანდის მთავარი პოლიტიკური საპირწონე. ამიტომ, ივანიშვილს ეშინია, დაკარგოს ხელისუფლება; პუტინს ეშინია, დაკარგოს მეხუთე კოლონა, რომელიც აქამდე შეინახა შავი ფულით, კრემლის მიერ მართული ცილისწამებათა და დეზინფორმაციის ნიაღვრით. მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს მოღალატეთა და კორუმპირებულ ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც არ გააჩნიათ ფასეულობა და რომლებიც, როგორც ყველამ ვნახეთ, ორ შაურად გაყიდის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რომელსაც არც კი სრცხვენიათ, რომ რუსეთი მათ განცხადებას სიტყვა-სიტყვით იყენებს მსოფლიოში ყველაზე დიდი და გავლენიანი ორგანიზაციის ტრიბუნიდან.
ეს არის არა გამოცხადებული, არამედ უკვე დადასტურებული ღალატის ფაქტი და ქართულმა საზოგადოებამ, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად დაინახა და ის საკადრის პასუხს გასცემს ამ მოღალატეთა ბანდას 26 ოქტომბერს, საქართველო 27 ოქტომბერს გაიღვიძებს თავისუფალი, მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი, ჩვენი საზოგადოება იქნება თავისუფალი ამ კრემლის მარწუხებისგან და ჩვენ ყველანი დავუბრუნდებით საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანების გზას, რომელიც მიგვიყვანს მშვიდობიან გამთლიანებამდე და იმ ცხოვრებამდე, რომელიც ჩვენი საზოგადოების მიზანია: დევნილების დაბრუნება, უკეთესი საცხოვრებელი პირობები, მაღალი პენსია, დაბალი ფასები, მაღალი ხელფასები, ღირსეული სამუშაო ადგილები. ეს არის ის, რასაც წინ ეღობება ეს მოღალატეთა ბანდა და რასაც წერტილს დაუსვამს ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს",- თქვა ბარამიძემ.
შეგახსენებთ, 13 აგვისტოს "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ "დადგა დრო, დამნაშავეებმა პასუხი კონსტიტუციისა და კანონის მთელი სიმკაცრით აგონ". აღნიშნულ განცხადებას გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ ბრიფინგზე, გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე დიმიტრი პოლიანსკი გამოეხმაურა და თქვა, რომ "ყოველ წელს ჩვენ გვაკვირვებს ჩვენი დასავლელი კოლეგების მანიაკალური სურვილი, რომ განიხილონ სააკაშვილის აგრესია "სამხრეთ ოსეთის" წინააღმდეგ 2008 წელს. იმის გათვალისწინებით, თუ რა პოზიცია უკავია საქართველოს ხელისუფლებას, ეს სულ უფრო და უფრო ჰგავს მაზოხისტურ ქმედებებს".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press