Foto

ფრანგული კინოს ლეგენდა ალენ დელონი გარდაიცვალა

ფრანგული კინოს ლეგენდა - მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი და სცენარისტი ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც BBC წერს, დელონი ლუარის რეგიონში მდებარე საკუთარ სახლში, სამი შვილისა და ოჯახის სხვა წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

ლეგენდარული მსახიობი არაერთი ჯილდოს მფლობელი იყო, მათ შორის მიღებული ჰქონდა "სეზარის" პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "ჩვენი ისტორია"; მინიჭებული აქვს ბერლინისა და კანის კინოფესტივალების საპატიო ჯილდოები; ასევე ნომინირებული იყო "ოქროს გლობუსზე".

2003 წელს, დელონს მარაქეშის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე "ოქროს ვარსკვლავი" გადაეცა, ორი წლის შემდეგ კი, მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ლეგიონის ორდენი მიენიჭა. დელონი 1999 წელს ჟურნალ FORBEES-ის გამოკითხვით საუკუნის მამაკაცად აღიარეს.