Foto

უკრაინელები ყოველთვის იხდიან ვალს, ვისაც სურდა უბედურება ჩვენს მიწაზე, მას საკუთარ სახლში იპოვის - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ გამოსვლაში პირობა დადო, რომ უკრაინა რუსეთზე შურს იძიებს.

მისი თქმით, “ბებერი მოხუცი წითელი მოედნიდან, რომელიც ყველას წითელი ღილაკით მუდმივად ემუქრება, ვერ გვიკარნახებს საკუთარ წითელ ხაზებს”.

“ჩვენი მტერი გაიგებს, რა არის უკრაინული შურისძიება. უკრაინელები ყოველთვის იხდიან ვალს და ვისაც სურდა უბედურება ჩვენს მიწაზე, იპოვის მას საკუთარ სახლში. ვინც ჩვენს მიწაზე ბოროტების დათესვას ცდილობს, მის ნაყოფს საკუთარ ტერიტორიაზე მოიმკის.

ეს არ არის წინასწარმეტყველება, არ არის ბრმა შურისძიება, ეს არის მაგალითი. ბუმერანგი ბოროტებისთვის და მისი გაშვება დაიწყო არც ისე შორს იმ ადგილიდან, სადაც მე ამ ვიდეოს ვწერ - სუმის რეგიონში, ჩვენი საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში.

საზღვარი უკრაინასა და ჩაგვრას შორის, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. საზღვარი დამოუკიდებელ ევროპულ სახელმწიფოსა და მსოფლიოში ნომერ პირველ ტერორისტულ ორგანიზაციას შორის“, -განაცხადა ზელენსკიმ  ვიდეო მიმართვაში, რომელიც სავარაუდოდ, რუსეთის საზღვართან ახლოს, სუმის რეგიონშია ჩაწერილი.